Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს


ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ბელარუსის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვალიანცინ სუკალა. 2020 წ. 31 აგვისტო.
ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ბელარუსის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვალიანცინ სუკალა. 2020 წ. 31 აგვისტო.

ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებისა და საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობისთვის.

30 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელშიც ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკაც შედის, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალოგიური სია გამოაქვეყნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ლიეტუვამ სანქციების შესახებ უფრო ადრე განაცხადა და მის სიაში ბელარუსის ხელისუფლების 31 წარმომადგენელი შედის.

ლუკაშენკას და სიაში შემავალ სხვა პირებს ეკრძალებათ ბალტიის ქვეყნებში შესვლა. კერძოდ, სიაში არიან ლუკაშენკას ვაჟი ვიქტარი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა, შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი.

ევროკავშირის ქვეყნები პრინციპულად შეთანხმდნენ ბელარუსის რიგი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სიის შემადგენლობამ. კერძოდ, ყველა ქვეყანა არ არის თანახმა სიაში ლუკაშენკას შეყვანისა. ასეთმა მიდგომამ იმედი გაუცრუა ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც უფრო მკაცრი ზომების მომხრე არიან. მათ გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად შემოიღონ სანქციები.

ბელარუსში სამი კვირაა გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ. როგორც იტყობინებიან, არჩევნები ლუკაშენკას სასარგებლოდ გააყალბეს. აქციების მრავალი მონაწილე დააკავეს, სასტიკად სცემეს და დაამცირეს. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. რუსეთმა აღიარა არჩევნების შედეგები და პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიულოცა ლუკაშენკას.

ლიეტუვაში ამჟამად იმყოფება ლუკაშენკას მთავარი მეტოქე არჩევნებში - სვიატლანა ციხანოუსკაია. ორშაბათს მისი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ციხანოუსკაია 4 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG