Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლას შეეძლება, შაბათი სასწავლო დღედ გამოაცხადოს


განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლებასთან დაკავშირებით სკოლებს სავალდებულო რეგულაციების შესასრულებლად თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ. აუცილებელ პირობად დასახელდა ის, რომ 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში.

„სკოლებს მიეცათ თავისუფლება, საჭიროებიდან გამომდინარე, დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ის, რომ 1-დან მე- 4 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ. ასევე სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა, ასევე ეძლევათ საშუალება, სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე და თუ სკოლას დასჭირდება, გამოიყენოს შაბათი დღე, როგორც სასწავლო დღე“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, 10 სექტემბრისთვის ყველა საჯარო სკოლა უზუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერითა და შესაბამისი სითხეებით, ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით.

„სწავლა არ დაიწყება ისე, თუ 15 სექტემბრისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას. გაცემული დასკვნის საფუძველზე მოხდება კონკრეტულ სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება“, - განმარტა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტრადიციულად, საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეს დახვდება სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს - ასევე, კომპიუტერები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 38 პირს დაუდასტურდა, სასკოლო პროცესის დაწყება არ გადაიდება.

ასევე ნახეთ: რისი ეშინიათ და რა კითხვები აქვთ მშობლებს ახალი სასწავლო წლისთვის

დაიცავს თუ არა სკოლა და ათასობით მოსწავლე ახალ წესებს?

XS
SM
MD
LG