Accessibility links

logo-print logo-print

ამომრჩევლების დაშინება, იძულება - ოპოზიცია უფრო მეტ ცვლილებას ითხოვს


ამომრჩევლების იძულება-დაშინებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ 26 აგვისტოს გაახმაურა, ხოლო უკვე 2 სექტემბერს - პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა. 78 მხარდამჭერ დეპუტატს შორის არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. თუმცა ოპონენტები ცდილობენ, რომ ახლახან შეცვლილი კანონმდებლობის ისევ შეცვლის შესაძლებლობით ისარგებლონ და საკუთარი ინიციატივები გაიტანონ.

რა ჩაიწერება კანონებში და რით ასაბუთებს „ქართული ოცნება“ სასჯელის დაჩქარებულად გამკაცრების აუცილებლობას? რის არ სჯერა და რა აეჭვებს ოპოზიციას ? რას გულისხმობს ოპონენტთა ალტერნატიული ინიციატივები?

ამომრჩევლის იძულება, დაშინება...

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 164-ე კვარტა (4) მუხლი - „ამომრჩევლის დაშინება ან იძულება“. სასჯელად გათვალისწინებულია: ჯარიმა, შინაპატიმრობ ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთვადით სამ წლამდე.

დასჯადი ხდება:

  • ამომრჩევლის დაშინება ან იძულება არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით;
  • მათ შორის - სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა როგორც ამომრჩევლის, ასევე მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ;
  • (დაშინება ან იძულება) სამსახურეობრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.

ცვლილებები შეეხება საარჩევნო კოდექსსაც. მე-3 მუხლში ჩაიწერება, რომ „აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.

საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორია, უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი. 2 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე მან თქვა, რომ ცვლილებები გამიზნულია უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრებისა და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის; ხოლო „რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიცია“ თავისი კრიტიკით კიდევ ერთხელ ილაშქრებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების წინააღმდეგ.

2 სექტემბრის სხდომაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. თუმცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მწვავე შეკითხვები და კრიტიკა არც ყოფილმა თანაგუნდელებმა დააკლეს.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელმა, გედევან ფოფხაძემ ზუგდიდელი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას სიკვდილიც გაიხსენა:

  • „რა ფორმით გინდათ, რომ მარტო კანონის გამკაცრებით შეაფერხოთ ვინმეს ზეწოლა და ძალადობა, თუკი (კანონში მანამდე არსებული მოთხოვნების შესაბამისად) ჯერ არავინ დასჯილა... თუ არავინ ისჯება, რა აზრი აქვს კანონის გამკაცრებას?!“;
  • „ვიცით კონკრეტული შემთხვევა ზუგდიდში, როდესაც ია კერზაია გარდაიცვალა... ყველამ ვიცით, რა უძღოდა ამას წინ ... ადამიანი სიკვდილის წინ მედიით გამოდიოდა და საუბრობდა ზეწოლაზე. არავინ დაისაჯა ამის გამო... იმის თქმა, რომ ეს ქალბატონი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე და მერე რა, მე მგონი - ამორალური იქნება“.

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, სხვა არაერთი დეპუტატის მსგავსად, სხდომაზე ცდილობდა გაერკვია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული საჭიროებები მაშინ, როცა შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა 2 ივლისს დამტკიცდა - „მიზეზი თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რატომ გახდა საჭირო დაჩქარებული წესით, ბოლო წუთას ახლა ამის დამატება. თუ გამკაცრების საჭიროება იყო, მაშინ იმ ფორმატში რატომ არ ვიმსჯელეთ?“

მართალია ცვლილებების პაკეტს ბოლოს მაინც დაუჭირა მხარი, მაგრამ უკმაყოფილება გამოხატა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, რევაზ არველაძემაც - „ვფიქრობ, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეხება, დადებითს არაფერს მოიტანს... თუ ვინმე ვინმეს დააბრალებს დაშინებას, ვთქვათ -„ქართულ ოცნებას“ ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ „ნორმალურ სიტუაციაში ასეთი კანონის მიღება არც იქნებოდა საჭირო“, მაგრამ რადგან ქვეყანაში არანორმალური პოლიტიკური ვითარებაა, კიდევ ერთხელ არის მკაცრად შესახსენებელი, რომ - ამომრჩეველზე ზეწოლა დანაშაულია. ამასთან, ოპონენტების კრიტიკას ვოლსკი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების გულის მოგების მიზანსაც უკავშირებს:

„მძაფრდება დამოკიდებულება დამრღვევის მიმართ ... და ეს თურმე მიუღებელია და თვალებში ნაცრის შეყრაა... და მუშტების ქნევა არის თურმე უფრო მისაღები, რომ იქნებ ვიღაცამ დაგინახოს, შეგაფასოს და თქვას - აი, ეს ჯგუფი, ეს ადამიანი გვინდა ჩვენ პარლამენტში და ამით მოიპოვოს რაღაც პოლიტიკური დივიდენდი“.

მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს, „ქართული ოცნება“ ბევრისთვის მოულოდნელად, საარჩევნო კანონმდებლობის ხელახლა გადახედვის ​ინიციატივით გამოვიდა, ძველი თუ ახალი ინიციატივების გადახედვის მოთხოვნით გამოვიდნენ ოპონენტებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული წინადადება

მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 1 სექტემბერს დაარეგისტრირა საკუთარი ალტერნატიული წინადადება საარჩევნო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას დეტალურად უნდა გაიწეროს და დაკონკრეტდეს ყველა ის დანაშაული, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასა და ამომრჩევლებზე ზემოქმედებას გულისხმობს“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ კანონში გაჩნდეს იმპერატიული ჩანაწერები და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს, მაგალითად:

  • ნებისმიერ ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება);
  • ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე;
  • კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (50 მეტრის რადიუსით) წინასაარჩევნო აგიტაცია ანდა ნებისმიერი სახის შეკრება, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მოსახდენად.

ტექსტში ასევე მითითებულია, რომ მაგალითად უნდა „დაკონკრეტდეს კანონში უკვე არსებული ჩანაწერი და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის დარღვევაზე მიეთითება, რომ აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.

როგორც რომან გოცირიძემ გვითხრა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ალტერნატიული წინადადების სახით დარეგისტრირებული რჩევები 3 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ.

დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტი

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, ივლისის დასაწყისში დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვის იმედი გაუჩნდა დეპუტატ ეკა ბესელიასაც - „კეთილი ინებოს ახლა უმრავლესობამ, ჩამოიღოს თაროზე შემოდებული ჩემი კანონპროექტი".

ბესელიას მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში. ტექსტის თანახმად:

  • ამომრჩეველთა ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა უნდა დაისაჯოს "ჯარიმით 1000-დან 3000-ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
  • ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების სხვა საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნება უნდა დაისაჯოს „ჯარიმით 3000-დან 5000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

  • ბესელიას კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრებისა თუ დამკვირვებლების მხრიდან შედეგების შეგნებულ გაყალბებას ბათილად ცნობილი ბიულეტენების სათანადო აღრიცხვისა და ხმების ხელახალი დათვლის მექანიზმი უნდა დაუპირისპირდეს; მაგალითად: ​
  • თუ ოლქში არ არის დაწერილი არცერთი განცხადება/საჩივარი, გადასამოწმებლად წილისყრით იქნება შერჩეული ამ ოლქის ერთი საარჩევნო უბანი;
  • ხოლო თუკი განცხადება/საჩივარი 3-ზე მეტ უბანს შეეხება, საოლქო საარჩევნო კომისია მათგან წილისყრით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს.

არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ეს მექანიზმები ჯერ კიდევ პარლამენტში მოქმედ სამუშაო ჯგუფში წარადგინა კონსტიტუციონალისტმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ხმალაძემ. თუმცა მისი ეს წინადადება უმრავლესობამ არ გაიზიარა.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს. თავად ბესელიას თქმით კი, ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

იყო დასჯადი დღემდე?

ამომრჩეველთა ნების გამოხატვის ხელყოფას, მუქარასა და იძულებას მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რამდენიმე მუხლი; მაგალითად:

  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას შეეხება 164-ე მუხლი; სასჯელად გათვალისწინებულია - ჯარიმა, გამასწორებელ სამუშაო ერთ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.
  • არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე ძალადობისა და ძალადობის მუქარის წინააღმდეგ არის მიმართული 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი; სასჯელი იწყება ჯარიმით და აღწევს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით;
  • 150-ე მუხლში ვხვდებითიძულებისცნებას - იკრძალება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა (მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება); სასჯელად დადგენილია ჯარიმა, შინაპატიმრობა, ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებებით აიკრძალა ასევე კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG