Accessibility links

"მარტივი ტრიუკი“, რთული სიტუაცია - ვინ მოიგებს ჩხუბითა და დაპირისპირებით


ახალი საარჩევნო სისტემაც დამტკიცებულია და განახლებულია საარჩევნო კოდექსიც, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია არ შემცირებულა.

ხელისუფლება ოპოზიციას „კრიმინალებსა“ და „თაღლითებს“ უწოდებს; ოპოზიცია კი - ისევ ხელისუფლების დანაშაულებზე და არჩევნების მითვისების განზრახვაზე ლაპარაკობს.

რა ეშველება დაძაბულ, პოლარიზებულ გარემოს - საერთაშორისო პარტნიორების წუხილის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს? გაჩნდება თუ არა ასეთ გარემოში შეკითხვები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? რატომ არის სახიფათო მკვეთრი პოლარიზაცია და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

შეცვლილის შეცვლის მოთხოვნა

უკვე ჩანს, რომ ახალმა საარჩევნო სისტემამ და განახლებულმა საარჩევნო კანონმდებლობამ წინასაარჩევნო დაძაბულობის განმუხტვა ვერ შეძლო. თუკი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს, მკაფიო უკმაყოფილება უკავშირდება საარჩევნო კოდექსს.

განახლებული კოდექსი არც მათ მოსწონთ, ვინც მხარი დაუჭირა მას. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, 6 ივლისს, საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა ახალი ინიციატივა, რომელიც „ლელოს“ წარმომადგენლის, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას ეყრდნობა:

  • „ეს არის მექანიზმი, როგორ ავიცილოთ თავიდან შესაძლო გაყალბება და როგორ მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი მექანიზმი არსებობდეს ბიულეტენების გადათვლის, მათი გადამოწმების შესაძლებლობის თაობაზე“;
  • „უკვე მომზადებულია კანონპროექტი და მას მხარს უჭერს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ყველა თანახმაა, რომ თუკი გაჩნდება რაიმე კითხვა, რაიმე ეჭვი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არსებობდეს შესაძლებლობა და მექანიზმი ამ შედეგისა და ბიულეტენების გადამოწმების“.

ინიციატივის თანახმად: ყველა საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვლება კენჭისყრის დროს მიცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. თუ ოლქში არ არის დაწერილი არცერთი საჩივარი, გადასამოწმებლად წილისყრით იქნება შერჩეული ერთი საარჩევნო უბანი; ხოლო თუკი უფლებამოსილ პირთა მიერ დაწერილია სამზე მეტი საჩივარი, გადამოწმდება წილისყრის პრინციპით შერჩეული სამ საარჩევნო უბნის შედეგები.

დიდი ალბათობით, ეს ინიციატივა არ გავა, რადგან ვახტანგ ხმალაძე მის გატანას ჯერ კიდევ საპარლამენტო საარჩევნო ჯგუფის ფორმატში ცდილობდა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო.

„ეს საკითხი რომ განიხილებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, კონსულტაციები გვქონდა ცესკოს წევრებთან და მოსამართლეებთან და წინააღმდეგი არიან ასეთი გადათვლისო... მე ვუპასუხე - ბატონო არჩილ, რა საჭირო იყო კონსულტაციები, ისედაც ცხადია, რომ წინააღმდეგი იქნებიან, რადგანაც - არც ცესკო და არც სასამართლო არ აკმაყოფილებს ასეთ საჩივრებს...“ - გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კანონმდებლობის განახლება სრულიად ფორმალურ სახეს ატარებს და საერთოდ ვერ პასუხობს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნებს. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომლებმაც, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ბოიკოტის გამო, მხარი არც ახალ საარჩევნო სისტემას დაუჭირეს და არც განახლებულ საარჩევნო კოდექსს. ისინი თვლიან, რომ ჯერ ხელისუფლებამ დაარღვია 8 მარტის შეთანხმების პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობა.

ოპოზიციის პრეტენზიები უკავშირდება ბევრ ასპექტს და მაგალითად იმას, რომ - კანონმდებლობაში არ აღმოიფხვრა ამომრჩევლების კონტროლისა და მათზე ზეწოლის მექანიზმები;

  • ოპოზიციისთვის სასაცილო და არასერიოზულია 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება, რომელიც კანონის თანახმად, საარჩევნო უბნის შენობიდან აიზომება და რომლის ფარგლებშიც იკრძალება ამომრჩევლების ფიზიკური შეფერხება;
  • ოპოზიცია თვლის, რომ რადიუსიც უფრო მასშტაბური უნდა იყოს და კანონი მხოლოდ ფიზიკურ შეფერხებას კი არა, ზეწოლის სხვა ფორმებსაც უნდა ეხებოდეს;
  • 25-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებულ ჩანაწერს აბსოლუტურად არასაკმარისად და ფორმალურად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორიც წინა არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ „მარტივი ტრიუკი“ უწოდა ოპოზიციისთვის მემორანდუმის გაფორმების შეთავაზებას, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის ერთობლივი ძალებით გაკონტროლების თაობაზე.

ხოლო ამ „ტრიუკის“ საპასუხოდ მიღებული უარი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის განზრახვის დასტურად შეაფასა - საერთოდ არ უნდოდათ 25-მეტრიანი რადიუსი და მემორანდუმზეც უარი იმიტომ თქვეს, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებს უპირატესად მათი წარმომადგენლები ავსებენო.

„წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისუფლებამ აიღო კურსი, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ოპოზიციის სტიგმატიზაცია და დემონიზაცია... ეს კომუნისტების მეთოდი იყო - ეროვნულ მოძრაობას უწოდებდნენ რადიკალურს და კრიმინალურს და მერე იმ ეროვნულმა მოძრაობამ გაისტუმრა ისინი ზუსტად... ხელისუფლება სიძულვილის ენასაც გასცდა უკვე... დანაშაულის ენას იყენებენ... როცა ამბობ, რომ ეს პარტია კრიმინალურია ანდა მისი ლიდერები არიან კრიმინალები, უნდა დაადასტურო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე.

„კრიმინალური ოპოზიცია“, „პოლიტიკური თაღლითები“

6 ივლისს, ზუსტად ზემოხსენებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ოპოზიციას „პოლიტიკური თაღლითები“ და „პოლიტიკური მატყუარები“ უწოდა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

იმის გამო, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის - გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს, ხოლო რურუა, დაუდასტურებელი ბრალდებების მიუხედავად, ხელისუფლებამ „კრიმინალად“ გამოაცხადა, „ქართული ოცნების“ ლექსიკონში ფეხი მოიკიდა ტერმინმა „კრიმინალური ოპოზიცია“. კრიმინალებად ცხადდებიან გასამართლებული პოლიტიკური ლიდერებიც.

ტერმინი „კრიმინალური ოპოზიცია“ ისმის ხშირად და სხვადასხვა კონტექსტში.

  • „მათ პოლიტიკურ ლიდერად გაიხადეს რა ვინმე რურუა, თავი მოიჭრეს საერთაშორისო დონეზე და ფარდა აეხადა მათ ე.წ პროდასავლურობას. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ მომავალს, საბოლოოდ „ქართული ოცნება“ დაასრულებს ნაციონალურ, დანაშაულებრივ ორგანიზაციას ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით“ - ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე;
  • „როდესაც სასწორის ერთ მხარეს გიორგი რურუა, ასეთი წარსულის მქონე ადამიანია, როგორც ვითომ პოლიტპატიმარი, ოპოზიციის მიერ დარქმეული სტატუსით პოლიტპატიმარი, თორემ რეალურად როგორი პოლიტპატიმარია - ალბათ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის, მაშინ, ოპოზიცია თვითონ ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა. კრიმინალებს, ზოგადად, სჯის სახელმწიფო, კრიმინალურ ოპოზიციას სჯის ხალხი“ - მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის ლიდერი.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა გვეუბნება, რომ - „ხელისუფლებას დაძაბულობა და პოლარიზაცია აწყობს“, რადგან „ცდილობს გამოიყენოს იგივე მეთოდები, რაც წინა არჩევნებში გამოიყენა - „სისხლიანი 9 წლის“ კარტი გაითამაშოს“ და ამით შეაშინოს ამომრჩეველი. თუმცა ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ეს მეთოდი აღარ გაჭრის - მით უმეტეს, ახალი საარჩევნო სისტემისა და ოპოზიციის მიერ ძალების გაერთიანების პირობებში.

მათ, ვინც ფიქრობს, რომ ბრალდებებსა და უხეშ შეტევებს ხელისუფლებას არც ოპოზიცია აკლებს, რომან გოცირიძე პასუხობს, რომ:

  • „ხელისუფლებისა და ოპოზიციის სიტყვებს სხვადასხვა წონა აქვს, რადგან ხელისუფლების უკან დგანან ძალოვანი უწყებები და, შესაბამისად - სადამსჯელო ბერკეტებიც მათ ხელშია“;
  • „ხელისუფლების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება ნიშნავს რეპრესიას, ხოლო ოპოზიციის მიერ გამოყენება - დისკომფორტს... ძალიან დიდი სხვაობაა";
  • „თანაც, ჩვენ რასაც ვამბობთ, დამადასტურებელი ფაქტებიც გვაქვს, მაგალითად - კორუფციასთან დაკავშირებით“.

საფრთხეები და პასუხისმგებლობა

სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობა რომ არის, ამას „ქართულ ოცნებაშიც“ აცხადებენ და სწორედ ასეთი არჩევნების ჩატარების პირობას დებენ.

სხვა საკითხია, რომ ოპოზიციას ასეთი გეგმის არ სჯერა, თუმცა თვლის, რომ საერთაშორისო პარტნიორების დიდი ინტერესის ფონზე ხელისუფლებას ამის გაკეთება მოუწევს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დადგება არჩევნების შედეგები.

მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მმართველობა 2036 წლამდე გაიმყარა, ანალიტიკოსების აზრით, მისი რეჟიმი კიდევ უფრო დიდი ინტერესით მოიცლის საქართველოს არჩევნებისთვის.

საერთაშორისო პარტნიორებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსეთი გამოიყენებს მრავალგზის ნაცად გზებს და აუცილებლად ეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას. ეს რამდენიმე დღის წინ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმაც აღნიშნა.

ამ ფონზე, შიდაპოლიტიკურ დაძაბულობასა და საზოგადოების პოლარიზებას ძალიან სახიფათოდ მიიჩნევენ უსაფრთხოების ექსპერტები. მაგალითად, თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ „შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით, პოლარიზაციით ყველაზე მეტად გარე მტერი ისარგებლებს“.

აქუბარდიას თქმით:

  • „რუსეთი კვლავაც ეცდება შეასუსტოს საქართველოს დემოკრატია, რადგან დემოკრატიის კონსოლიდაციასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ არჩეული დასავლური ვექტორი... დასავლეთთან ჩვენ სწორედ დემოკრატია გვაკავშირებს და რუსეთის სამიზნეს ის ამიტომ წარმოადგენს“;
  • „შიდა პოლარიზაცია შეიძლება იქცეს ისეთი დესტაბილიზაციის წყაროდ, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვქონდა საქართველოს ახლო წარსულში... ეს აწყობს რუსეთს“;
  • „შიდა პოლარიზაცია უკანა პლანზე სწევს რუსეთის ოკუპაციის პრობლემას და ჩვენ სათანადოდ ვეღარ ვფიქრობთ, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენის გზებზე თუ პროდასავლურ მისწრაფებებზე - ესეც რუსეთის მთავარი ინტერესია“.

კონკრეტულად რას და როდის გააკეთებს რუსეთი და მივა თუ არა საქმე სამხედრო ჩარევამდე, ანალიტიკოსების აზრით, ეს შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

სხვა არაერთი ექსპერტის მსგავსად, თეონა აქუბარდიაც თვლის, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, თუმცა პოლარიზაციის წინააღმდეგ, მშვიდი, სტაბილური გარემოს შესაქმნელად, მაგალითის მიმცემი პირველ რიგში ხელისუფლება უნდა იყოს.

მისი აზრით, ძალიან სარისკოა, თუკი ხელისუფლება ფიქრობს, რომ არეულ გარემოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენებს, რისი ნიშნებიც ახლა ჩანს.

წყალში ხომ არ ჩაიყრება?

შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის გამოკვეთილი ქვეყანაში არსებული დაძაბული და პოლარიზებული გარემო.

მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ:

  • „ნეგატიური, უხეში და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ მნიშვნელოვნად დაჩრდილა წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით მისი მეორე ტურის წინა პერიოდი. ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია“.
  • „ხმის დათვლის პროცესი ნაკლებად პოზიტიურად შეფასდა, რაც პროცედურული პრობლემებით, ჩარევის რამდენიმე შემთხვევით და დაძაბულობის ზრდით იყო განპირობებული“.
  • „მეორე ტურამდე პერიოდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო და ანტისამთავრობო დემონსტრაციათა სერიით გამოირჩეოდა, რამაც დაძაბული გარემოს შექმნას შეუწყო ხელი“.
  • „რამდენიმე მოძრაობას, რომლებმაც წინა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი) ხელისუფლების გაშავებაზე მიმართული დემონსტრაციები ჩაატარეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ედგნენ სათავეში“.

ამის შემდეგ, საერთაშორისო ტრიბუნიდან არაერთხელ გაისმა შეფასება, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების პოლარიზაციის პროცესი „მზარდი“ იყო და ეს საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის განვითარებას.

2019-2020 წლებში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებამ მრავალი კრიტიკა მიიღო პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოპყრობისა თუ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო.

ვითარების გამოსასწორებლად დიდი შრომა გასწია საერთაშორისო თანამეგობრობამ და ფასილიტატორების ხანგრძლივი ძალისხმევით, ქუჩის აქციების ხმაურიანი პროცესები 8 მარტის შეთანხმებით დაგვირგვინდა. შედეგად, შეიცვალა საარჩევნო სისტემა და საარჩევნო კანონმდებლობაც გადაიხედა, მაგრამ დაძაბულობა, პოლარიზაცია კვლავაც რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG