Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა საკლასო ოთახში ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიდო


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმისა და ქობულეთის შემდეგ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ხელვაჩაურშიც გადაიდო და სწავლა სკოლის შენობებში 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება.

"ქობულეთს, ბათუმს დაემატება უკვე ხელვაჩაურიც და, შესაბამისად, იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში განახლდება პირველი ოქტომბრიდან", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმი და ქობულეთი იყო პირველი ორი მუნიციპალიტეტი, სადაც მთავრობის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად უნდა დაწყებულიყო პირველ ოქტომბრამდე. 11 სექტემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამგვარადვე დაწყებულიყო სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. დახურვის ბრძანება მიეცათ იმ სკოლებსაც, რომლებმაც შემოწმების საფუძველზე სწავლის შენობებში დასაწყებად მზაობა აჩვენეს და სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან დაიწყეს.

11 და 12 სექტემბერს საქართველოსთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 000-ს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG