Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა


თამაზ ხომასურიძე
თამაზ ხომასურიძე

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს პროკურატრამ ბრალი წარუდგინა.

"გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, მისმა მამამ, მოწმეებზე - გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეზე, ასევე მირიან ნიკოლაძეზე განახორციელა მუქარა. მან სატელევიზიო სივრცეში უკანონო შეიარაღებული ფორმირების - „თეთრი ისარის“ (იგივე „ინკვიზიტორების“) სახელით გააკეთა მირიან ნიკოლაძის და გურამ ამირხანაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები. ასევე, მის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ შეიცავდა გურამ ამირხანაშვილის და იაკობ ბრეგვაძის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, როგორც თავისი, ისე ე.წ. ,,თეთრი ისარის“ ფეისბუქ პროფილის საშუალებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს სისტემატიურად უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის შემცველ მუქარის და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. იგი საჯაროდ, ხშირად ხაზს უსვამდა წარსულში ძალოვან უწყებებში საქმიანობის შედეგად მიღებულ, საბრძოლო გამოცდილებას და მის აქტიურ კავშირს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებთან, რომლებიც მისი თქმით, ახორციელებდნენ მათთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციას. აღნიშნული ქმედების შედეგად მუქარის ადრესატებს - მირიან ნიკოლაძეს, გურამ ამირხანაშვილს და იაკობ ბრეგვაძეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ბრალდების მხარე ხომასურიძეს, გარდა მუქარისა, ედავება მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც. საუბარია შაქარაშვილის საქმის მოწმის, გურამ ამირხანაშვილისთვის არარეგისტირებული ნომრიდან სმს-ების გაგზავნაზე.

"დაკავებულმა, მისი შვილის ზ.ხ.-ს სსკ-ის 109-ე მუხლით ბრალდებულად ცნობიდან მეორე დღეს - 2020 წლის 12 აგვისტოს, მეგობრის მეშვეობით, ქ.თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა ორი ერთნაირი მობილური ტელეფონი და არარეალურ აბონენტზე რეგისტრირებული სიმბარათები. აღნიშნულ ტელეფონებში ნომრების გააქტიურების შემდეგ, ხელოვნური მტკიცებულების შექმნის მიზნით, ბრალდებულმა მისი მეგობარი ერთერთი ტელეფონით გაგზავნა მოწმე გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ტელეფონის ნომერზე კი აგზავნიდა წინასწარ შეთანხმებული შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იგი შეტყობინების მიღებისა და გაგზავნისას სპეციალურად იმყოფებოდა ძალოვანი უწყებების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ დაფიქსირებულიყო შესაბამისი საკომუნიკაციო ანძები. აღნიშნულის შედეგად ტელეფონებში, როგორც მტკიცებულება, დაფიქსირდა ყალბი მიმოწერა თითქოსდა გურამ ამირხანაშვილსა და პოლიციის თანამშრომელს შორის, რაც მიეწოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს როგორც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის დამადასტურებელი ფაქტი. პარალელურად, ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა განცხადება თითქოს გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი უკანონო შეიარაღებული ფორმირების - „თეთრი ისარის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს და ამით ხაზი გაუსვა უკვე გამოთქმული მუქარების სერიოზულობას", - განმარტავს პროკურატურა, რომელიც თამაზ ხომასურიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

პროკურატურისვე გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ხოლო 2018 წელს მის მიმართ გამოწერილია ორდერი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

თამაზ ხომასურიძე 11 სექტემბერს დააკავეს.

გასულ კვირაში ხომასურიძე პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს მართავდა, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღებით იმუქრებოდა.

ასევე ნახეთ: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა სასამართლოში გამოკითხეს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამის თქმით, სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა იპოვა

შეუძლია თუ არა გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სიცრუის დეტექტორით დაკითხვა?

XS
SM
MD
LG