Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 მიზეზი - რატომ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე 


  • გრიპის სეზონი ისე დადგება და ჩაივლის, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ ისევ არ იქნება;
  • სეზონური გრიპი ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება;
  • COVID-19-ისა და სეზონური გრიპის სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სწორედ ამ ბოლო გარემოების გათვალისწინებით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სეზონური გრიპისთვის საჭირო ვაქცინაცია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.

„სიმპტომების მხრივ ეს ორი ვირუსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მოქალაქეებისთვის კი არა, ექიმებისთვისაც თითქმის შეუძლებელია სიმპტომებით დაადგინოს, რომელი ვირუსია“, - ამბობს იგი.

სეზონური გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ ადამიანს ემართება, საიდანაც 5 მლნ-მდე შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობს, რამდენიმე ასეული ათასი კი სიკვდილით მთავრდება.

გრიპს და კორონავირუსს დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • ხველა ან/და ყელის ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი.

გრიპიც იწვევს ვირუსულ გართულებებს, მათ შორის, პნევმონიას (ფილტვების ანთება). ჩვილ ბავშვს შესაძლოა დაემართოს კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი. ვირუსულ პნევმონიას შეიძლება ჰქონდეს ზუსტად ის ნიშნები, რომელიც აქვს გრიპს, თუმცა ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შესაძლოა შედეგი ვერ გამოიღოს.

ვინ არიან რისკჯგუფები

რისკჯგუფებში ჩვილები, 5 წლამდე ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და 65 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმულები მიიჩნევიან.

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ იდეალური იქნებოდა, თუკი ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაცვის მიზნით აიცრებოდა ყველა, ვისაც ბევრ ხალხთან უწევს ურთიერთობა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები და ა.შ.

„პრობლემა ის არის, რომ არ მგონია, გრიპის ვაქცინის იმხელა მარაგი შეიქმნეს, რომ ასეთი მასშტაბით ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა იყოს”, - აცხადებს ბუწაშვილი.

რატომ ვაქცინაცია

ამ დრომდე გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ვაქცინაციაა მიჩნეული. აცრა რეკომენდებულია ყველა ასაკის პირისთვის 6 თვიდან. განსაკუთრებული რეკომენდაცია ეძლევათ რისკჯგუფებს.

ვაქცინაცია არ ნიშნავს ვირუსისგან 100-პროცენტიან დაცვას, რაც საზოგადოების ნაწილს ნიჰილისტურად განაწყობს.

როდის არის აუცილებელი აცრა

ვაქცინაცია რეკომენდებულია გრიპის სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, დაახლოებით, ოქტომბერში. სწორედ ორკვირიანი პერიოდი სჭირდება ორგანიზმს ვაქცინაციის ჩატარებიდან, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოს.

ინფექციონისტი განმარტავს, რომ ვაქცინაცია ყოველწლიურად არის აუცილებელი, რადგან წლიდან-წლამდე ვირუსი სახეს იცვლის და, შესაბამისად, წინა წლის ვაქცინა ეფექტს კარგავს.

არსებობს თუ არა ვაქცინის მარაგი

ყოველწლირად სეზონური გრიპის ვაქცინის შესაქმნელად ერთი და იგივე გზაა გასავლელი. სახეცვლილი ვირუსის გაშიფვრა, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ფარმაცევტული მწარმოებლებისთვის მიწოდება, უშუალოდ ვაქცინის წარმოება და მისი ბაზარზე გამოტანა.

„აი, ეს რა დროსაც მოითხოვს, ამდენ ხანში არის ხოლმე ვაქცინა ხელმისაწვდომი. როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, ბოლოსკენ იყო ხოლმე ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება“, - ამბობს ბუწაშვილი.

მისივე თქმით, საზოგადოების დამოკიდებულება სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კორონავირუსმა მცირედით შეცვალა - ახლა უფრო მეტ პირს ენდომება აცრა.

„ისედაც ყოველთვის იყო ხოლმე დეფიციტი, წელს მოთხოვნა თვალსაჩინოდ გაიზარდა, წარმოება შეუზღუდავი არაა და ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ, მაღალი ალბათობით, თავიანთი მოსახლეობისთვის გადადებენ, საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელი გახდება გაზრდილი რაოდენობა”, - ამბობს ინფექციონისტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წელს ქვეყანამ 135 ათასი ვაქცინა შეუკვეთა. შარშან ეს მაჩვენებელი 100 ათასი იყო. გამყრელიძე ამბობს, რომ წელს უკვე შეკვეთილი ვაქცინების რაოდენობის გაორმაგება უნდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG