Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კვლევა, ოპოზიციის ერთიანი ყულაბა და "მეგობრული ცეცხლი"


IPSOS-ის მიერ „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მომავალ პარლამენტში უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს; ხოლო ოპოზიციურ პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნებისას“ მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მათ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შანსს აძლევს. ამ ფონზე, ოპოზიციის რიგებში ისევ იკვეთება დაპირისპირება - ამჯერადაც ძირითად საბაბს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წარმოადგენს.

რა აჩვენა კვლევამ?

თუკი IPSOS-ის კვლევის მაჩვენებლებს დავაჯამებთ, შედეგი ასე გამოიყურება:

  • ოპოზიციური პარტიების საერთო მაჩვენებელი (გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელთანაც პარტიების უმრავლესობა სამომავლო თანამშრომლობას გამორიცხავს) – 36% (ალოკაციით - 56%);
  • აქედან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ – 15.5% (ალოკაციით - 26%)
  • „ქართული ოცნება“ - 25% (ალოკაციით - 38%).

არჩევნებისთვის ცესკოში დარეგისტრირებული 58 პარტიიდან და 2 ბლოკიდან IPSOS-ის რეიტინგებში მოხვდა მხოლოდ 9 პარტია და 2 ბლოკი.

თავ-თავიანთ ციფრებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ ოპოზიციური პარტიები და ხშირად თითქმის იდენტურია მათი პასუხებიც, რომ - შიდა კვლევებით გაცილებით დიდი რეიტინგები აქვთ. თუმცა IPSOS-ის კვლევის ღირებულება მათთვის, მმართველ პარტიაზე მაღალი ჯამური მაჩვენებლის გარდა, კიდევ რამდენიმე მაჩვენებლით განისაზღვრება:

  • გამოკითხულთა 57%-მა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას - გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს?
  • ჯამში, გამოკითხულთა 58% - მეტ-ნაკლებად უკმაყოფილო ან უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით;
  • ჯამში, გამოკითხულთა 52% - მეტ-ნაკლებად უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში.

კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები ცალკე და საგანგებოდ გამოყოფენ კიდევ რამდენიმე ასპექტს და კერძოდ: მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დადებითად და მეტ-ნაკლებად დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 50%-მა (ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში - 40%-ია); ხოლო ბოლო ორი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას, გამოკითხულების 37%-მა პროცენტმა (17%-ის წინააღმდეგ) „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობა ამჯობინეს.

სააკაშვილის ნათქვამის გამო

ოპოზიციური პარტიების საერთო კმაყოფილებაში 20-21 სექტემბერს მღელვარება შეიტანა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განმარტებებმა. კერძოდ, 20 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მან თქვა:

  • „ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“, ანდა საქართველო დაიღუპება“;
  • „საქართველო არ დაიღუპება, ჩვენ გავიმარჯვებთ“;
  • „ჩვენი გამარჯვების შემდეგ იქნება, რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა“;
  • „დღეს რეალურად ვართ... ან იქით არის ივანიშვილი, ან აქეთ ვართ ჩვენ“.

21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში კი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს, რომ ახლა „ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება“ და „საერთო ინტერესები“ არ უნდა დაზიანდეს „ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით“.

„ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი ორპოლუსიანობის იდეის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის მიხეილ სააკაშვილი არაერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა გააკრიტიკა. მათი თქმით, ამომრჩევლის დაკვეთა დღეს არის მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, რაც IPSOS-ის კვლევამაც დაადასტურა.

განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდნენ „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა:

  • „ამ კაცის (მიხეილ სააკაშვილის) ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის“;
  • ბიძინა ივანიშვილს „დღევანდელობის შენარჩუნება უნდა - ამ კატასტროფის“;
  • მიხეილ სააკაშვილს „უნდა წარსულში დაბრუნება, 2012 წლამდე“;
  • ამ დროს კი, ქართული საზოგადოების „უდიდეს ნაწილს უნდა გარდამტეხი ცვლილებები“ და ამის გეგმა „გვაქვს ჩვენ - „ევროპულ საქართველოს“.

„გირჩის“ ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე თავის ფეისბუკპოსტში წერს, რომ სააკაშვილს „ძალაუფლების წყურვილი“ ამოძრავებს, მას „არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად, ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება და ასევე „მას არ სურს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ივანიშვილი მის გარეშე“.​

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი, თავიანთ ყველაზე მაღალრეიტინგულობას უსვამენ ხაზს და, შესაბამისად, სრულიად ადეკვატურს უწოდებენ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამსაც.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა ის, რასაც აჩვენებს კვლევები... „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს ძალიან დაბალი მხარდაჭერა და ზოგიერთი მათგანი ხალხმა არც იცის, რომ არსებობს...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც არის სხვა პოლიტიკური პარტიებისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური გაერთიანება და ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ გვსურს ფართო საზოგადოებრივი კოალიცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამისთვის არის ჩვენი კარი ღია“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ არის სწორი, „დღეები, კვირები და თვეები მიეძღვნას“ სააკაშვილის მიერ საკუთარი პიარსტრატეგიის გათვალისწინებით გაკეთებულ განცხადებებს - „რაც არ უნდა თქვას მიხეილ სააკაშვილმა, ნათელია, რომ ხალხს უნდა მრავალპარტიული, ნორმალური, დემოკრატიული პარლამენტი და საზოგადოება ამისთვის არის მზად“.

ვის შეუძლია უმრავლესობის შექმნა?

ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო თვეებში ჩატარებული კვლევების უმრავლესობა თითქმის იდენტურ შედეგებს აჩვენებს - 40%-ზე მაღალი მხარდაჭერა არცერთ პოლიტიკურ ძალას და მათ შორის - არც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

შესაბამისად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვერცერთი პარტია ვერ შეძლებდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების დაჯამებას.

ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად:

  • დაწესებული ზღვარი (ე.წ. ჩამკეტი) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.
  • შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნისთვის აუცილებელ 76 მანდატს ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს და ყველა (30) მაჟორიტარული ოლქი რომ მოიგოს, მანდატები პროპორციული სიიდან ჩამოეჭრება.

თუმცა „ქართულ ოცნებას“ არ სჯერა არცერთი იმ კვლევის, სადაც მას 40%-ზე ნაკლები რეიტინგი აქვს. მმართველი პარტია უნდობლობას უცხადებს როგორც Edison Research-ის, ასევე NDI-სა და IRI-ის კვლევებს. ასეა IPSOS-ის შემთხვევაშიც.

21 სექტემბერს ისევ ითქვა, რომ ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ძალები აყალბებენ.

  • „თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით... ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს სცდება“ – კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი.
  • „ქართულ ოცნებას აქვს 56%-ზე მაღალი ნდობა და ეს სრულიად საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევები ან მათი ტელევიზიების ინტერპრეტაციები სხვადასხვა კვლევაზე, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორ დეზინფორმაციასაც ეს წყაროები ამ წლების განმავლობაში გვაწვდიდნენ“ – არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე.

ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ დღემდე გამოქვეყნებული კვლევებიდან მხოლოდ ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მიერ დაკვეთილ კვლევებს იზიარებს. პირველის მიხედვით მმართველ პარტიას 52%-იანი, ხოლო მეორის მიხედვით - 56.3%-იანი რეიტინგი აქვს.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გვეუბნება, რომ IPSOS-ის კვლევაში (ალოკაციის შედეგად) „ქართული ოცნებისთვის“ გამოკვეთილი 38%-იანი რეიტინგი იმაზე მაღალია, ვიდრე ის ამჟამად ვარაუდობს. თუმცა არც ოპოზიციური პარტიების მიერ ჯამში შეკრებილი უფრო მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს მათ მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის გარანტიას - „ერთიან ყულაბაში ამჟამად არის უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი კოალიციის შექმნის პროცესში... ეს შეიძლება იყოს სიურპრიზი ორივე მხარისთვის - გააჩნია, როგორ შედეგებს მიიღებს თითოეული ოპოზიციური პარტია და რას გადაწყვეტს შემდეგ“.

პოლიტიკური ძალები, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხვდებიან ერთმანეთს, მუდმივად იმეორებენ, რომ - არჩევნებამდე უნდა გამომჟღავნდეს თითოეული პარტიის პოზიცია - დასაშვებად მიიჩნევს თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციაში ყოფნას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG