Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქურდულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაცვის პოლიციის გულგრილობაზე საუბრობენ


ქუთაისში გაქურდული მიკროსაფინანსო ორგანიაცია "ინტელექსპრესი“ გავრცელებულ განცხადებაში აზუსტებს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ფულის საცავიდან მოიპარეს 300 000 ლარამდე თანხა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა 1,5 მილიონი ლარის ქურდობის შესახებ.

ამასთან, კომპანიაში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა არასათანადო მოქმედებებზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ "მძიმე დანაშაული მოხდა მათი გულგრილი დამოკიდებულებით".

ორგანიზაციის თანახმად, დაწესებულებას აქვს საბანკო მოთხოვნების დაცვით, სიგნალიზაციით აღჭურვილი ფულის საცავი, რომლის უსაფრთხოების დაცვაზე კონტრაქტით პასუხისმგებელია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის თანამშრომლებმაც განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ საჭირო ძალისხმევა არ გასწიეს.

კომპანიის განცხადებით, 19 სექტემბერს, 04:06 წუთზე ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ინტელექსპრესის" ფილიალში განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ დაცვის 2 თანამშრომელი ადგილზე 9 წუთში მივიდა.

„მათ დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში. გაჩერდნენ დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეს ობიექტი ისე, რომ, მიუხედავად მათი ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი, საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი. დაცვის პოლიციამ ასევე არ მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება, რამოდენიმე საათი ემუშავათ საცავში. დილის 9 საათზე შესულ თანამშრომელს დახვდა შემდეგი სურათი: საცავის 40-50 სანტიმეტრი სისქის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო 60X60 სანტიმეტრის ხვრელი, ხოლო რკინის სეიფი, სადაც თანხა ინახებოდა, იყო გაჭრილი და თანხა კი წაღებული. რაც შეეხება ზარალს, მიყენებული ზარალი შეადგენს სხვადასხვა ვალუტაში ჯამში 300 000 ლარამდე“, - ნათქვამია "ინტელექსპრესის“ განცხადებაში.

კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათთვის უცნობია, დროის რა მონაკვეთში ამოჭრეს დაუდგენელმა პირებმა ბეტონის იატაკში საკმაოდ დიდი ზომის ხვრელი. ვინაიდან არც ხმაური ან სხვა სპეციფიკური რამ არ შეუნიშნავთ.

როგორც შსს-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მომხდარზე გამოძიება ამ ეტაპზე 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG