Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლებში სწავლის განახლების თარიღი ჯერ ისევ ძალაში რჩება, ამბობს თამარ გაბუნია


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლების თარიღად დასახელებელი 1 ოქტომბერი ჯერ ისევ ძალაში რჩება, თუმცა განაწყვეტილება შესაძლოა შეიცვლოს. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუმში განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში.

„სასწავლო პროცესი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, განსაკუთრებით ბათუმში. ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა, ჯერჯერობით, ის გადაწყვეტილება, რაც დაანონსდა, ძალაში რჩება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აჭარაში იმყოფება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორთან, მარინა ეზუგბაიასთან ერთად, რეგიონში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო არსებული კლინიკური ვითარების შესწავლისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით.

ბათუმი და ქობულეთი იყო პირველი ორი მუნიციპალიტეტი, სადაც მთავრობის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად უნდა დაწყებულიყო პირველ ოქტომბრამდე. 11 სექტემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამგვარადვე დაწყებულიყო სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. დახურვის ბრძანება მიეცათ იმ სკოლებსაც, რომლებმაც შემოწმების საფუძველზე სწავლის შენობებში დასაწყებად მზაობა აჩვენეს და სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან დაიწყეს.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 227 ახალი ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4140-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1643.

COVID-19-ით გარდაიცვალა 25 ადამიანი.

XS
SM
MD
LG