Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძის თქმით, გამიჯნულია აზერბაიჯანის მთლიანობის აღიარება და კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით ერთმანეთისგან მკაფიოდ არის გამიჯინული ორი საკითხი - ერთია ის, რომ საქართველო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მეორეა ის, რომ საქართველო კონფლიქტის მხარეებს შორის ინარჩუნებს აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს და მხარებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

ამის თაობაზე გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა ექს-პეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ პოსტის შინაარსის კომენტირებისას.

„გავიმეორებ იმას რაც მიხეილ სააკაშვილის პოსტშია, ჩვენ ვაღიარებთ გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორულ მთლიანობას, მათ შორის აზერბაიჯანის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, ყველგან და ყველას მიერ, ეს ჩვენ გვიკავშრდება და ძალიან პრიციპულია, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და ვერაფერმა ვერ უნდა შეცვალოს“,- აცხადებს გიორგი ბარამიძე.

მისი თქმით, რაც შეეხება სამხედრო დაპირისპირებას და სამხედრო კონფლიქტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან მკაფიო აზრი, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ნეიტრალიტეტის პოზიცია.

„ჩვენ არანაირად არ გვჭირდება და არანაირად არ გვაწყობს, რაიმე სამხედო დაპირისპირება და საომარი მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს ყველა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და შესაბამისად, რაც შეეხება სამხედრო კონფლიქტს აქ ჩვენ მკაფიოდ ნეიტრალური პოზიცია უნდა გვქონდეს და არ დავუშვათ საქართველოს რამენაირად ჩართვა ამ სამხედრო დაპირისპირებაში და რაიმე სამხედრო დაპირისპირების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვა“,- ამბობს გიორგი ბარამიძე.

მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის“, - წერს „ფეისბუკში“ საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. პოსტში იგი განმარტავს, რომ მისი ეს პოზიცია სრულიად ნათელია და სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს ეფუძნება. ამავე პოსტში იგი აღნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს იმ ადამიანების უფლებები, ვინც აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

ორ მეზობელ ქვეყანას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა, სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა, სულ მცირე, 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

ასევე ნახეთ: ირაკლი სესიაშვილი ყარაბაღზე: თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, საქართველო ჩაერთვება სამშვიდობო მოლაპარაკებებში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG