საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული განცხადების თანახმად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ასეთი სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადავა, სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდება, ხოლო სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
რაც შეეხება სკოლების უსაფრთხოებას ზოგადად, როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
საქართველოს განათლების სამინისტრო აქვე განცხადებაში აღნიშნავს, რომ აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე შენარჩუნებული იქნება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.
კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლების 1-6 კლასებში, გარდა აჭარისა და რამდენიმე მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლისა, სწავლა 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში განახლდება.