Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დავით გარეჯის საქმის გამოძიება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე არ აისახება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაწყებული გამოძიება და გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. ის მედიასთან საუბარში გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას.

„აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი, ვერც დაწყებული გამოძიება და ვერც ამ გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები, რომლითაც ჩვენ ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ იმ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც მოლაპარაკებების წინა ეტაპზე კომისიებს შორის იყო მიღწეული, ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი სიტყვებით საქმის მიმდინარე გამოძიება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა, და გამოძიებას არანაირი პრეტენცია აზერბაიჯანულ მხარესთან არც აქვს და ვერ ექნება. მით უფრო იმის გარკვევამდე თუ რა მოხდა კომისიის მუშაობის ფარგლებში.

„ჯერ უნდა გაირკვეს, თუ რა მოხდა ჩვენი კომისიის ფარგლებში, პასუხი უნდა გაეცეს ძალიან მძიმე შეკითხვას, თუ რატომ მოხდა 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მაშინ, როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა - ამას უნდა გაეცეს პასუხი, სანამ ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს დავით გარეჯთან და ჩვენი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით. ახლადაღმოჩენილი გარემოებებით და იმ ფაქტებით, რაც დადგინდება გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო შეთანხმებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე 2020 17 აგვისტოს დაიწყო.

ასევე ნახეთ: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG