Accessibility links

ზალკალიანი: არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ სახელმწიფოსთან არ გაგვაჩნია


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად.

„ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი (რომლის ფარგლებშიც ჩვენ, დიახ, ვეცდებით, გადაიხედოს, საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები), ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ ისტორიულად ძალიან მყარ, მეგობრულ ურთიერთობებს. ვინაიდან ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ სახელმწიფოსთან და მით უმეტეს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს. ეს მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გაიგოს, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია“, - ამბობს მინისტრი.

საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრას იხსენებს.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რო სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ გვქონდა შინაარსიანი და დეტალური საუბარი სწორედ, ამ დემარკაცია-დემილიტაციის პროცესის შესახებ. საჯაროდაც განვაცხადეთ, ვთანხმდებით, რომ აუცილებელია, მოიძებნოს ორივე მხარიდან გამომდინარე შეთანხმება და ამ მიმართულებითაც წავალთ ჩვენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის ფარგლებში იქნება ძალიან საქმიანი და საგნობრივი განხილვა. ჩვენ მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს, რა თქმა უნდა, გავუზიარეთ ის ახლად აღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, ასევე საექსპერტო დასკვნები და შესაბამისი განმარტებებიც მივეცით მათ, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენი პოზიციები გადაიხედება და არანაირად არ უნდა იყოს აღქმული, რომ ჩვენ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური და სრული გაგება ჰქონდა“, - თქვა ზალკალიანმა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრის საკითხზე შეთანხმებას მიაღწევს და გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე კონფლიქტთან ამ საქმის კავშირს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები, რომ თითქოს ეს დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, ან აბსოლუტურად გაუმართლებელი ბმა დღეს მიმდინარე კონფრონტაციასთან ჩვენს სამეზობლოში. ისიც მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან იყო იმ დროს, როდესაც საერთოდ არ მიმდინარეობდა კონფლიქტის ესკალაცია და კონფლიქტი დაწყებულიც კი არ იყო. ამიტომ, ის, რასაც ოპონენტებისგან ვისმენთ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების დაცვით ბოლომდე. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები და არ დაზარალდება არც ერთი მხარის ინტერესები“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."

ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?

ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია

პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG