Accessibility links

სომხეთის ელჩი საქართველოში ილია მეორეს შეხვდა


სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ნათქვამია სომხეთის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

რომლის თანახმად, სომხეთის ელჩმა ილია მეორეს ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ცნობები.

„რუბენ სადოიანმა ისაუბრა კონფლიქტში თურქეთის ჩართულობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს არის დაუშვებელი და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი, ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე თურქეთის მეშვეობით სირიიდან ტერორისტ-მებრძოლთა ჩართულობა არცახის (მთიანი ყარაბაღის) წინააღმდეგ მოქმედებებში. საუბარი შეეხო ასევე იმ ფაქტს, რომ ტერორისტების ჩართულობა კონფლიქტში რეგიონში დიდ საფრთხეს წარმოადგენს ასევე საქართველოსთვის“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ დიდ ტკივილს განიცდიან შექმნილი ვითარების გამო და კონფლიქტის მხარეებს მშვიდობა უსურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა 3 ოქტომბერს გამართული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას „თითქოს, თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

საქართველოს მთავრობამ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების გამო აკრძალა სამხედრო საქონლის სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაზიდვის ნებართვების გაცემა.

თბილისი აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის სამოქალაქო საქონლის მიწოდება არ შეჩერებულა და ამ მიმართულებით საქართველო სრულად ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ 5 ოქტომბერსაც გააკეთა.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები განახლდა. ბოლო 30 წლის მანძილზე ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციაა. ბრძოლები არ წყდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის რამდენიმე მონაკვეთზე. ასობით დაღუპულია ორივე მხარეს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG