Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლი გერმანიიდან გამოფრენას ამ დრომდე ვერ ახერხებს


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გერმანიიდან უნდა ჩამოსულიყო, რათა თავისი სურვილით პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა, ამ დრომდე გამოფრენას ვერ ახერხებს. მისი თქმით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ წარმომდგენლები ამის მიზეზად კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემსვლელთათვის შეცვლილ რეგულაციებს უსახელებენ.

მანამდე კი, მას საბუთების მოუწესრიგებლობის გამო აყოვნებდნენ აეროპორტში, - ეუბნება აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას.

„თავიდან მეუბნებოდნენ, რომ საბუთები არ მქონდა წესრიგში, შემდეგ დავადასტურეთ, რომ წესრიგში მქონდა და მომცეს ბილეთი, ბარგიც ჩაიბარეს, შემდეგ ბარგი უკან მომიბრუნეს და მეუბნებიან, რომ არ გამიშვებენ, ვინაიდან გუშინდლიდან შეიცვალა კორონავირუსთან დაავშირებული წესები და ამიტომ არ მიშვებენ, ნახევარ საათში მეცოდინება, გამოვფრინდები თუ არა. არ მაჩვენებენ, რა წესები შეიცვალა, უბრალოდ მეუბნებიან, რომ წესები შეიცვალა. კორონავირუსის ტესტი გაკეთებული მაქვს“, - ეუბნება აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას.

მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, რომ ის ჩამოვიდეს და ჩვენება მისცეს.

„არ უნდათ, რომ საქართველოში ჩამოვიდე. მათ ჰგონიათ, რომ რაიმე პრობლებას შევქმნი, არჩევნები გაქვთ და არ უნდათ, რომ ჩამოვიდე თბილისში და მივცე ჩვენება დანაშაულის ადგილის შესახებ და სხვა“, - ამბობს აფგან მუხთარლი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ აფგან მუხთარლი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გერმანიაში გამოიკითხა.

„გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

თუმცა, პროკურატურიდან პასუხს კითხვაზე, აპირებენ თუ არა მუხთარლის გამოკითხვას, ვინაიდან ის საქართველოში ამ მიზნით ჩამოდიოდა, ჯერჯერობით ველოდებით და მიღების შემთხვევაში დაემატება ინფორმაციას.

აფგან მუხთარლი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში გამოკითხვა თავად ითხოვა და მისმა ადვოკატმა პროკურატურისგან თანხმობაც მიიღო.

„გერმანიაში გამომკითხა პოლიციამ, შემდეგ მე მოვითხოვე საქართველოში ჩვენების მიცემა და პროკურატურას მისწერა ჩემმა ადვოკატმა, ისინი დამთანხმდნენ, რომ ჩამოვსულიყავი და მიმეცა ჩვენება“, - უთხრა აფგან მუხთარლიმ რადიო თავისუფლებას.

მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ოფიციალური ვერსიით, მუხთარლის საქმეზე გამოძიება ფერხდებოდა იმის გამო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა ვერ ხერხდებოდა.

აფგან მუხთარლისა და მის ოჯახს გერმანიაში თავშესაფარი და ბინადრობის უფლება აქვთ მიღებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არცერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

რადიო თავისუფლება ცდილობს, დაუკავშირდეს ოფიციალურ სტრუქტურებს საკითხის გარკვევის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG