Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღვდელი კირიონი დავით გარეჯის საკითხზე გახარიას ადანაშაულებს „ლამის ენმ-ის კურსის“ გატარებაში


არქიმანდრიტი კირიონი
არქიმანდრიტი კირიონი

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ანტილიბერალური პროპაგანდით გამორჩეულ ონლაინპლატფორმა „ალტ-ინფო“-სთან ილაპარაკა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის საკითხზე.

კირიონმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობა გაიხსენა და დავით გარეჯის საკითხზე მათი როლი დაახასიათა. მღვდელი განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობით არის კმაყოფილი, ის დადებითად ახასიათებს მამუკა ბახტაძესაც, თუმცა აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ის მიწოლის ენერგია, რაც ღარიბაშვილს. მათგან განსხვავებით, სასულიერო პირი უკმაყოფილოა გიორგი კვირიკაშვილის მოქმედებით და მას უკავშირებს „უძრაობის პერიოდს“. არქიმანდტირის განსაკუთრებულ კრიტიკას ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმსახურებს და აღნიშნავს, რომ ის „ლამის დაადგა“ „ნაციონალური მოძრაობის“ კურსს.

„ხელისუფლებიდან ღარიბაშვილის წასვლის [2015 წ. დეკემბერი] შემდეგ მის მიერ მომართული საქმე გაჩერდა. მოდის კვირიკაშვილი და მთლიანად არის უძრაობის პერიოდი. არც უარყოფითი, მაგრამ არც დადებითი. კვირიკაშვილს ვხვდები 3-4-ჯერ, პრემიერის კაბინეტში და გვაქვს საუბრები, თხოვნები, ის შემდეგ ხვდება მიხეილ ჯანელიძეს (იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს). არის უცნაური პასუხი, რომელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გამოძიებისთვის ჯერ არ არის ეს თემა გაშლილი. მეუბნება, რომ მიხეილ ჯანელიძეს შინაგან დონეზე არ სჯერა ამისი და ამიტომ მეც დაბნეული ვარ. მე გაოგნება გამოვხატე, იმიტომ, რომ აქ საუბარია დოკუმენტურ ფაქტზე. შინაგანი რწმენით, რომ ვერ იჯერებ, ამ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის აქ მოსატანი“, - აღნიშნავს კირიონი და მომდევნო პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის შესახებ ჰყვება“, - შემდგომ, პრემიერად მოდის მამუკა ბახტაძე და მინდა მას მადლობა ვუთხრა, სადაც ამის თქმას ვახერხებ, იმიტომ, რომ მასაც ვხვდები ორჯერ, ავუხსენი ყველაფერი, რომ კომისიაში გლახად არის საქმე და მან მკითხა: „მამა კირიონ, რა შეიძლება, გავაკეთო მე, როგორც პრემიერმა?“ მე ვუთხარი, რომ აუცილებელი და სასწრაფოა კომისიის გაჯანსაღება. ჩვენ ვერ მივდივართ აქტებამდე, ის [ბახტაძე] იღებს შესაბამის ნაბიჯებს და იმ მოკლე პერიოდში, რაც ის პრემიერი იყო, შეიძლება, ითქვას, სრული პოზიტივია ამ საქმეში, მაგრამ ვიტყვი ერთსაც, რომ არ აქვს ის ენერგია მიწოლის, რაც აქვს ღარიბაშვილს“.

გიორგი გახარია მეოთხე პრემიერ-მინისტრია, რომელსაც არქიმანდრიტი დავით გარეჯის საკითხზე შეხვდა.

„მერე მოდის გახარია, რომლის დროსაც არათუ გაიყინა საქმე და გაჩერებულია, არამედ სტაგნაციაა [სტილი დაცულია]. თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“. აქ უკვე ხდება ჩვენი დაძაბულობა მონასტრის. გემახსოვრებათ მისდამი ჩემი კრიტიკა, როგორი მძაფრი და შეუვალი იყო“, - ამბობს კირიონი. როგორც ის იხსენებს, მასსა და გახარიას შორის დაძაბულობის პიკზე, პოლიტიკაში ბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი.

„მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, ირაკლი, აქ ხალხი საქმეში ვერ ერკვევა, ვერ იხედებიან ღრმად და ძალიან გთხოვ, დამეხმარე“, - ამბობს ის და მთავრობის მეთაურებს ახასიათებს: „იყო ღარიბაშვილი პრემიერი, იყო მძლავრი შედეგები; მერე მოვიდა კვირიკაშვილი და გაჩერდა პროცესი; მერე მოვიდა ბახტაძე და იყო პოზიტივი მისგან და თანადგომა, ამ საქმეში მისგან სრული მზაობა და ჩართულობა; მოვიდა გახარია და სტაგნაციაა“.

მღვდელი ჰყვება, რომ 2019 წელს (როდესაც ღარიბაშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში) მან ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის გაეცნო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებული ფაქტობრივი და იურიდიული მდგომაროება.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაერკვია რა ამ საკითხში, გაოგნდა კაცი. მან თქვა, რომ უკან არ უნდა დავიხიოთ“, - აღნიშნავს კირიონი.

არქიმანდრიტი ამბობს, რომ კომისიის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 1:200 000-იანი რუკა წარადგინეს აზერბაიჯანის მხარის წინაშე. „აზერბაიჯანულ მხარეს გაუკვირდა და თქვეს, რომ ეს რუკა არ გამოუყენებიათ. თქვეს, რომ უნდა შეისწავლონ. მეორე შეხვედრაზე მოიტანეს მასალა, რომელიც მთლად პატიოსანი არ იყო. ამ პროცესში დადგა იურიდიული ძალის მქონე რუკის აუცილებლობა“, - ამბობს მღვდელი.

კირიონი განსაკუთრებით გამოჰყოფს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის როლს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის თხოვნის შემდეგ რუკები საქართველოში ჩამოიტანა.

15 ოქტომბერს, „კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG