Accessibility links

სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს ჭორვილიდან გაამგზავრებს მოსკოვში


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და საარჩევნო ბლოკის „ენმ - ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა საჩხერეში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. ის აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს რუსეთში გამგზავრება მოუწევს.

„ღმერთმა არ ქნას, ესენი არჩევნებზე გაგვიძვრნენ. ლარის კურსი იქნება ხუთზე მეტი [დოლართან მიმართებით]. მათ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი გზა არის საქართველოს დატოვება და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწა. მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე მილიონი ადამიანი აღარ დატოვებს, როგორც ეს ივანიშვილს სურს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ცალი მიმართულებით ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“, დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, 11 დღე დარჩა საქართველოს გადარჩენამდე.

„კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენ საქართველო ახლა ვერ გადავარჩინეთ, მერე, როგორც ქვეყანა, გაქრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. ბევრი ერი გამქრალა თანამედროვე ეპოქაში, საქართველო ახლა არის გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ ასევე ვიცი, რომ საქართველო გამოღვიძებულია ისე, როგორც არასდროს. არავინ იბრძვის თანამდებობისთვის. საერთოდ არ მაღელვებს არცერთი კაბინეტი, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი უარი, როცა ეს უკრაინის პრეზიდენტმა შემომთავაზა, მაგრამ ჩემს სამშობლოს - საქართველოს ვერასდროს ვუღალატებ და ჩემს ქართველობაზე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ვერასდროს ვიტყვი უარს“, - ამბობს სააკაშვილი.

ბლოკმა „ენმ - ძალა ერთობაშია“ საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარადგინა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG