Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალიდან (სადაც გამტაცებელს ოცამდე მძევალი ჰყავს აყვანილი) დაახლოებით ას მეტრში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ და „ქართული მარშის“ მაჟორიტარი კანდიდატები გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, გაბედავა უგულავას ადანაშაულებდა, რომ მისი „ზონდერი იმყოფება შიგნით“, რომელიც ტელევიზიებს უკავშირდება გამტაცებლის სახელით. უგულავას შეფასებით, ეს განცხადება არის პროვოკაციის მცდელობა. შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მაჟორიტარი კანდიდატები მოქალაქეების და პოლიციის დახმარებით დააშორეს ერთმანეთს. პოლიციამ ორი პირი გამოყვანა ტერიტორიიდან. გაბედავა ამბობს, რომ დაკავებულია მისი დეიდაშვილი. „ევროპული საქართველო“ კი მისი აქტივისტის დაკავების შესახებ აცხადებს.

ამჟამად განმუხტულია ვითარება, თუმცა ორივე მხარე ადგილზე რჩება.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG