Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღი კონფლიქტის ზონაა, განჯა კი - არა — ხედვა აზერბაიჯანიდან


კაცი უყურებს დაბომბვის შედეგად განადგურებულ საცხოვრებელ სახლს. განჯა, აზერბაიჯანი. 13 ოქტომბერი, 2020
კაცი უყურებს დაბომბვის შედეგად განადგურებულ საცხოვრებელ სახლს. განჯა, აზერბაიჯანი. 13 ოქტომბერი, 2020

ემინა ისაევა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში, განჯაში ცხოვრობს. ქალაქში, რომელიც არაერთხელ დაიბომბა მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონიდან ასობით კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 23 წლის ემინა რადიო თავისუფლებას უზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და პერსპექტივას ომზე.

ემინა ისაევა
ემინა ისაევა

როგორც ჩანს, მსოფლიოს კარგად არ ესმის, რომ განჯაში ადამიანები იხოცებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტის ზონა არაა. სომხეთი ცდილობს დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მათ ბომბავენ, თუმცა აქაც იგივე ხდება.

27 სექტემბერს საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. ღამით კი - კომენდანტის საათი. ჩვენი მშობლები გვიყვებოდნენ, რა ხდებოდა 90-იან წლებში, მაგრამ ბოლომდე არასდროს წარმოგვედგინა. განჯაში და გავიზარდე, აქ დავამთავრე სკოლა და აქ ვცხოვრობ. აქ ომს ვერ ვხედავდით. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ჩვენი მეზობლები, ახლობლები მიდიოდნენ არმიაში. მეგობრებს მუდმივად ვამშვიდებდი, განჯას არავინ დაესხმება თავს მეთქი, რადგან აქამდე არასდროს მომხდარა.

აზერბაიჯანელი მაშველები მუშაობენ რაკეტის შედეგად დაზიანებულ არეალში. განჯა. 4 ოქტომბერი, 2020
აზერბაიჯანელი მაშველები მუშაობენ რაკეტის შედეგად დაზიანებულ არეალში. განჯა. 4 ოქტომბერი, 2020

კვირა დღე იყო, პირველად რომ დაიწყო დაბომბვა. თარიღი არ მახსოვს. მას შემდეგ, დრო ამერია. მე და ჩემს დას გვინდოდა მაღაზიებში გავსულიყავით. ვემზადებოდით, როცა ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. ფანჯარაში გავიხედე და კვამლი დავინახე. ვიფიქრე, შეიძლება ხანძარია მეთქი. უცებ დავინახეთ როგორ ჩამოვარდა კიდევ ერთი ჭურვი და აფეთქდა. შოკში ვიყავი. არ ვიცოდი საკუთარი თავი დამემშვიდებინა, თუ ჩემი და. აღმოჩნდა, რომ რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილს უმიზნებენ ჭურვებს. იქ, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და არა იქ, სადაც სამხედრო ბაზაა. დაბომბეს საცხოვრებელი სახლები, ჩვენი ცენტრალური ბაზარი. რაკეტა ჩამოვარდა სკოლასთან, რომელიც მე დავამთავრე.

ვიდეო: ჭურვის აფეთქების მომენტი, განჯის ცენტრალურ ბაზარზე. 5 ოქტომბერი, 2020

ვისაც შესაძლებლობა აქვს, ისინი გადადიან, უფრო სწორად, საკუთარ შვილებს გზავნიან სხვა ქალაქებში. ვისაც სარდაფი აქვს, სარდაფში ცხოვრობს.

სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერები რომ მოსკოვში გაემგზავრნენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, ამოვისუნთქეთ. ხალხი სარდაფებიდან ამოვიდა. მეორე დღეს, გვიან ღამით, დაახლოებით 1 საათზე, ძლიერმა აფეთქებამ გამაღვიძა. საცხოვრებელ სახლს დაეცა ჭურვი. ბევრი ხალხი დაიხოცა.

ყველაზე რთული ორი მომენტი იყო. პირველად, ჩემი მეგობრის საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. ძალიან ვინერვიულე. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ სახლში არ იყო. თუმცა შენობა სრულიად ჩამოიშალა. მისი მეზობლები დაიღუპნენ.

ტიმურ ხალიგოვი იხუტებს თავის 10 თვის ქალიშვილს, ნარინს, რომელიც საცხოვრებელ სახლზე რაკეტის დაცემის შედეგად დაიღუპა თავის ხუთ ნათესავთან, მათ შორის, დედასთან, სევილთან ერათად. განჯა. 17 ოქტომბერი, 2020.
ტიმურ ხალიგოვი იხუტებს თავის 10 თვის ქალიშვილს, ნარინს, რომელიც საცხოვრებელ სახლზე რაკეტის დაცემის შედეგად დაიღუპა თავის ხუთ ნათესავთან, მათ შორის, დედასთან, სევილთან ერათად. განჯა. 17 ოქტომბერი, 2020.

გავიდა რამდენიმე დღე, თითქოს დავმშვიდდი. დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკანასკნელს ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა. ჩავრთეთ ტელევიზორი და გავიგეთ, რომ ჭურვი ისევ საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაღუპულებს შორის კი პატარა ბავშვები იყვნენ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ომი ასეთი საშინელი იყო. არის ერთი ოჯახი, რომლის ყველა წევრი დაიღუპა, ერთი გოგონას გარდა. მას კი ჯერ კიდევ ძინავს, უფრო სწორად, რეანიმაციაშია.

ბოლო 2-3 დღე სიმშვიდეა, მაგრამ მაინც ვნერვიულობთ, რომ ისევ დაიწყოს დაბომბვა და ჭურვები შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჩამოვარდეს. არ ვიცით, სად დავიმალოთ. მორიგი რაკეტების ქვეშ შეიძლება მე და ჩემი ოჯახი მოვყვეთ. ყველაზე მეტად ახლობლების დაკარგვის მეშინია.

კაცს იღებს ჭაღს დაბომბვის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებიდან. განჯა, აზერბაიჯანი. 11 ოქტომბერი, 2020
კაცს იღებს ჭაღს დაბომბვის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებიდან. განჯა, აზერბაიჯანი. 11 ოქტომბერი, 2020

განჯა ყარაბაღი არაა. მესმის, რომ იქაც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები და მათთვისაც რთულია. ვიცი, რომ ისინიც იბომბებიან, მათაც ეშინიათ და ისინიც სარდაფებში ცხოვრობენ. სომეხი ერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ყარაბაღი კონფლიქტის ზონაა. განჯა კი - არა. არც სხვა აზერბაიჯანული ქალაქები. უბრალოდ არ მესმის, რატომ ბომბავენ ჩემს ქალაქს. თუ სამართლიანად ომობენ, არ უნდა დაბომბონ მშვიდობიანი ქალაქები.

ძალიან მინდა ეს ომი მალე დასრულდეს, რადგან მშვიდობიანი ადამიანები ზარალდებიან. მესმის, რომ ორივე მხარე იტანჯება. ძალიან მინდა მშვიდობა.

ასევე ნახეთ: ომამდე და ომის შემდეგ — ცხოვრება სტეფანაკერტში, ბომბების ქვეშ

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG