იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გიორგი მიქაუტაძის გარდა, საბჭოს მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიამაც დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ განმარტეს, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. აღნიშნულზე კომენტარი ჯერ არც თავად რევაზ ნადარაიას გაუკეთებია.
რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად მოსამართლეთა კონფერენციამ 2017 წლის აპრილში აირჩია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა გუშინ, 22 ოქტომბერს დატოვა გიორგი მიქაუტაძემაც, რომელიც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. იუსტიციის საბჭოს განმარტებით, კანონმდებლობით, ეს თანამდებობა შეუთავსებელია საბჭოს მდივნის თანამდებობასთან.
ბოლო დრომდე გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობასაც. 15 ოქტომბერს, საბჭომ თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევს.