Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფიცირებულების დიდ ნაწილს არ სჭირდება ჰოსპიტალიზება - ინტერვიუ ექიმ ნანა გეგეჭკორთან


ნანა გეგეჭკორს, ქართველ ექიმს ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლიდან, რადიო თავისუფლება პირველად 2020 წლის გაზაფხულზე, აპრილის თვეში ესაუბრა. მაშინ კოვიდ-19-ით ინფიცირებულების მკურნალობის გამოცდილება შეუდარებლად მწირი იყო.

კლინიკა, სადაც ნანა მუშაობს, ყველაზე მძიმე პაციენტებს იღებდა ვირუსის გამოჩენის დღიდან, ნანა კი ექიმების იმ პირველ ნაკადში იყო, ვინც ამ ახალ დაავადებასთან ბრძოლაში თავიდანვე ჩაება. ნანა ამბობს, რომ დღეს საქართველო მარტის ნიუ-იორკს ჰგავს და მხოლოდ ახლა იწყებს კორონავირუსის ახლოდან გაცნობას.

გაზაფხულის შემდეგ, როცა თქვენთან პირველი ინტერვიუ ჩავწერეთ, კოვიდ-19-ის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ექიმები ამბობენ, რომ ახლა უკეთ იცნობენ ვირუსის ხასიათს - რა არის ყველაზე მთავარი, რაც გავიგეთ?

მთავარი, რაც ვისწავლეთ, ამ დაავადების გამოვლინებები და გავრცელების გზებია. ზუსტად ვიცით, რომ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ხასიათდება მაღალი ვირულენტობით, ვიცით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მისგან თავი დავიცვათ და ისიც, რომ სიკვდილიანობა არც ისეთი მაღალია, როგორიც თავიდან ჩანდა. რაღაცეები მკურნალობაშიც ვისწავლეთ, ისიც გამოჩნდა, რომ როცა სამედიცინო სექტორი გადატვირთული არ არის, ფატალური შემთხვევები გაცილებით ნაკლებია.

ვიცით ისიც, რომ ეს დაავადება არ ეხება მხოლოდ სასუნთქ გზებს - როგორც ეს თავიდან ჩანდა. ხშირად პროცესი მართლაც იწყება ფილტვებიდან, მაგრამ წარმატებით ითრევს სხვადასხვა ორგანოებს - გულ-სისხლძარღვებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, კუჭ-ნაწლავის სისტემას, თირკმელს. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს არის პოლიორგანული უკმარისობით მიმდინარე დაავადება და მას კომპლექსური მკურნალობა სჭირდება.

ჯერაც არ გვაქვს თერაპია, რომელიც ამ დაავადებას კურნავს, არ გვაქვს ვაქცინა და სწორედ ეს განასხვავებს ამ ვირუსს, მაგალითად, გრიპისგან, რომელსაც ხშირად ადარებენ - გრიპის შემთხვევაში ჩვენ ვაქცინაც გვაქვს და მედიკამენტებიც.

შეგვიძლია თუ არა უკვე იმის თქმა, რა გართულებებს ტოვებს კორონავირუსი მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევებში?

ჯერ ბევრი დრო არ არის გასული იმისთვის, რომ სრული სურათი გვქონდეს, მაგრამ რასაც უკვე ვხედავთ პრაქტიკაში, არის ფილტვის ფიბროზები, მიოკარდიტები, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, დაკარგული ფუნქციები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები. ფილტვების ფიბროზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დატოვებული გართულებაა, მაგალითად, ჩვენ გვყავდა ახალგაზრდა პაციენტი ჰოსპიტალში, რომელმაც კორონავირუსის გამო თითქმის ორი თვე გაატარა კლინიკაში. მას იმდენად მძიმე დაზიანებები დაუტოვა ფილტვებზე, რომ დღეს ფილტვის ტრანსპლანტაციას ელოდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ეს დაავადება სრულიად უსიმპტომოდ და გართულებების გარეშე გადააქვთ, მაგრამ მათ, ვისაც ძლიერ ვნებს, უჭირთ ცხოვრების ჩვეულ წესთან დაბრუნება, ჰოსპიტლიდან გასვლის შემდეგ, 2-4 კვირის გასვლის შემდეგ პირად ექიმთან უნდა გადაამოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კორონავირუსს მთელი თავისი სიმძიმით საქართველო, შეიძლება ითქვას, ახლა ეცნობა - მზარდი სტატისტიკა, შიში იმის, რომ სისტემა გადატვირთვას ვერ გაუძლებს, რიგები კლინიკებთან და ინფიცირებული ექიმები პირველი ტალღისას ჩვენ არ გვინახავს. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენ, რომელმაც ეს ყველაფერი გაზაფხულზე უკვე საკუთარ თავზე გამოსცადეთ?

პიკი საქართველოში ჯერ ნამდვილად არ არის, თქვენ ხართ იქ, სადაც ჩვენ ვიყავით მარტის დასაწყისში. ამის მერე აქ გვქონდა ერთი ჯოჯოხეთური თვე, მერე ქვეყანა ჩაიკეტა და პლატოზე გავედით. სტატისტიკა, სამწუხაროდ, საქართველოში გაზაფხულზეც არ იყო გამჭვირვალე და სრულყოფილი და არ ვიცით, ის გამოცდილება რამდენად სათანადოდ იქნა გამოყენებული.

ვირუსის ბუნება ასეთია - თუკი პრევენცია სათანადო არ არის, ის ამ სისწრაფით ვრცელდება. სისტემამ უნდა დაასწროს მას და არა უკან მისდიოს. პაციენტების გაწერა უნდა დაიწყოს უფრო ადრე, ვიდრე მეორე ტესტი აჩვენებს უარყოფით პასუხს, რაც უფრო სწრაფი რეკრუტირების საშუალებას მისცემს კლინიკებს. გამოცდილებებმა აჩვენა, რომ სიკვდილიანობა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება იმის მიხედვით, რამდენად გადატვირთულია სისტემა - შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან სწრაფად ცვალებადი დაავადება, მას სჭირდება ახლო კონტაქტი მედპერსონალისგან და დინამიკაში ფეხის აწყობა, თუ ამ ცვლილებებს ფეხი ვერ აუწყვე, დაგვიანებულ შემთხვევაში ცვლილებების გამოსწორება შეუძლებელი ხდება. ამიტომაც არის სიკვდილიანობა პირდაპირ კავშირში იმასთან, რამდენად კარგად არის მომზადებული სისტემა დიდი ნაკადების გასაძლებად.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ პანიკა ამ დაავადების შემთხვევაში არ არის კარგი მეგობარი, პირიქით, ძალიან საზიანოა. პანიკის შემთხვევაში რიგები ჰოსპიტლებთან და ლაბორატორიებთან - ვირუსის გავრცელების ახალ კერებად იქცევა და მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

თუმცა არ არის მარტივი, ადამიანებს, რომლებიც ცხელ ხაზს ვერ უკავშირდებიან, კითხვებზე პასუხებს ვერ იღებენ და ოჯახის წევრებისთვის შესაძლოა საეჭვო სიმპტომებით საფრთხეს წარმოადგენდნენ, უთხრა, რომ არ ეშინოდეთ.

ნამდვილად! მოსახლეობას რაც შეუძლია, ისაა, რომ გამოიყენოს სამი ყველაზე ეფექტური იარაღი ვირუსთან ბრძოლისას - პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენა. ხელისუფლება კი აუცილებლად უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე და ლოგიკური მის გადაწყვეტილებებში. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, ვინ მოახერხებს კლინიკაში მოხვედრას, რა მოცემულობით არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვის მოუწევს სახლში დარჩენა და ვინ იქნება მისი დამხმარე სახლში მკურნალობისას.

ჩემთვის, როგორც გარედან მაყურებლისთვის, აბსოლუტურად არ არის გასაგები, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას - რა რაოდენობის პაციენტების მკურნალობაა შესაძლებელი ერთდროულად ჰოსპიტალში, რა სიმძიმის პაციენტების მართვა შეუძლია ჩვენს მედპერსონალს (ამაში იგულისხმება როგორც ტექნიკური, ასევე ინტელექტუალური რესურსი), არ ვიცი, რა ხდება სისტემაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ ეს პროცესი ძალიან გამჭვირვალე გახადოს. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს მოცემულობა წყვეტს იმას, როგორი იქნება გაიდლაინი.

მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ჰოსპიტალიზების კრიტერიუმები, რაც ახლა გვაქვს, სრულიად განსხვავდება გაზაფხულის კრიტერიუმებისგან - როცა მხოლოდ ჟანგბადზე დამოკიდებულები ხვდებოდნენ საავადმყოფოებში. ამერიკაში ძალიან ძლიერმა პირველადმა ჯანდაცვის რგოლმა აიღო მაშინ თავის თავზე მათი მართვა, ვინც კლინიკებში ვერ ხვდებოდა. ქვეყანამ ძალიან ღიად და გამჭვირვალედ უნდა აუხსნას თავის მოსახლეობას, რისი შესაძლებლობა აქვს, რატომ და როგორ ცხრილავს ჰოსპიტალში პაციენტების მოხვედრას და ყველა დანარჩენი, ვინც კლინიკაში ვერ მოხვდება, უნდა მიბარდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს თითქმის არ აქვს. აი, ზუსტად ამაზეა ახლა სამუშაო. თითქმის 6 თვე დაიკარგა, რაც შეძლებოდა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გადასამზადებლად ყოფილიყო გამოყენებული და ოჯახის ექიმებს რომ სცოდნოდათ, როგორ მოუარონ კოვიდპაციენტებს სახლში. კარგად უნდა იყოს გაწვრთნილი პირველადი ჯანდაცვის რგოლი იმისათვის, რომ სწორად გადანაწილდნენ პაციენტები მდგომარეობის სიმძიმის და საჭიროებების მიხედვით.

ამ სისწრაფით თუ გაგრძელდა ვირუსის გავრცელება, ძალიან ბევრი პაციენტი დარჩება ჰოსპიტლის გარეშე. ვერ გაუძლებს საქართველოს სისტემა ამ დატვირთვას და მნიშვნელოვანია ისიც იცოდეს მოსახლეობამ, რომ ინფიცირებულების დიდ ნაწილს არც სჭირდება ჰოსპიტალიზება, ტესტირებაც კი არ არის აუცილებელი - ეს უნდა აეხსნას ხალხს.

არამიზნობრივმა ჰოსპიტალიზაციამ შეიძლება პაციენტი დააზარალოს კიდეც. კორონამდეც ასე იყო: კლინიკაში გატარებული 48 საათზე მეტი დრო ზრდის ჰოსპიტალური ინფექციების მიმართ რისკს. მსუბუქ პაციენტებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული მკურნალობა და კლინიკაში დაწოლა.

ერთ-ერთი პრობლემა, რაც უკვე ვიცით, რომ ჩვენს სისტემას აქვს, სამედიცინო მუშაკების ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. თქვენც ერთ-ერთი ხართ იმ ექიმებს შორის, რომელიც ჰოსპიტალში პაციენტისგან დაინფიცირდით. არის კი შესაძლებელი უსაფრთხოების ნორმების ისე დაცვა, რომ ექიმი სრულად დაცული იყოს ვირუსის გადადებისგან?

ძალიან რთულია თავის დაცვა, როცა ხარ ექიმი წინა ხაზზე. შეიძლება ბრწყინვალედ იცოდე უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, გქონდეს ყველა დამცავი საშუალება და მაინც დაინფიცირდე - შეუძლებელია ყველანაირი სცენარის გათვლა და მე ნამდვილად ვარ ამის მაგალითი.

ერთადერთი გზა, რომ ექიმები არ დაინფიცირდნენ, არის ის, რომ ყველა პაციენტს, მიუხედავად იმისა, როგორია მათი ტესტის პასუხი, მოუარონ ისე, თითქოს ის კორონავირუსით არის ინფიცირებული. წესები ასე მკაცრად უნდა დაიცვან ყველა პაციენტთან, ყველა ჰოსპიტალში. არც ერთ ტესტს არ აქვს 100%-იანი მგრძნობელობა, შეიძლება ინფიცირებული პაციენტი ტესტნეგატიური და აქტიურად გამავრცელებელი ერთდროულად იყოს და მაქსიმალური უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ძალიან რთულია, რომ ექიმიც არ დაინფიცირდეს.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG