Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მილიონი მილიარდზე მეტია


საქართველოში ხელისუფლების ცვლილება პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის აქტიურობასთან, აქტიურობის მაჩვენებელი კი, გარდა იმისა, რომ ყველაზე ადრე ხდება ცნობილი, პირადი დაკვირვებითაც იოლი გასაზომია.

2020 წლის 31 ოქტომბერს, თითქმის ყველა უბანში, შეუძლებელი იყო ხმის მიცემა გრძელ რიგში ჩადგომის გარეშე. ნაწილობრივ ამის მიზეზი პანდემიის გამო გართულებული ხმის მიცემის პროცედურა იყო, თუმცა ამომრჩევლის მაღალ აქტიურობაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობის მაჩვენებელი 45.77% იყო, რაც მაღალია იმაზე, ვიდრე - 2018 საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში (38.16%), 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში - 42,40%, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში - 53.03%.

საარჩევნო უბნებში შექმნილმა გრძელმა რიგებმა კმაყოფილი დატოვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომლის თქმითაც, „რიგი საარჩევნო უბანში უდრის ხელისუფლების მშვიდობიან ცვლას“.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„ეს არ არის მათემატიკური ფორმულა, მაგრამ ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება. ეს რიგები ნათლად აჩვენებს, რომ მობილიზებულია ამომრჩეველი, რომელიც ხედავს ცვლილებების პერსპექტივას. ბიძინა ივანიშვილს ახსოვს, რომ 2012 წელს, როცა ვცვლიდით „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინაც ასეთი რიგები იყო საარჩევნო უბნებთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა, დღის პირველ ნახევარში, ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში არჩევნების სულ სხვაგვარ შედეგებზე ილაპარაკა.

„ჩემი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ 100 მანდატზე მეტს მიიღებს“, - განაცხადა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს სიტყვები გაიმეორა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც, რომლის თქმითაც: „ის, რომ 55-60%-ის ფარგლებში მივიღებთ მხარდაჭერას, ამის საფუძველს მაძლევს ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ რეგიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ის განწყობები, რაც არის ჩვენი გუნდის მიმართ, გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურების გარეშე გავიმარჯვოთ“.

აქვს თუ არა ხელისუფლებას ოპტიმიზმის საფუძველი?

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ამომრჩევლის მაღალი აქტიურობის შემთხვევაში, ოპოზიციის ჯამური გამარჯვება გარდაუვალი იქნება:

„1 მილიონ 200 ათასი ხმა გარანტირებულად იგებს არჩევნებს. საშუალო აქტიურობის შემთხვევაში ხელისუფლებას დარჩენის მეტი შანსი აქვს, საშუალოზე მაღალიც კი - სათუოა... თუ 2.2 მილიონამდე მიაღწევს აქტიურობა, გარანტირებულად მოიგებს ოპოზიცია, ალბათ, 2.1 მლნ-ის მისვლაც საკმარისი იქნება... ხელისუფლების მხარდამჭერები დღის პირველ ნაწილში არიან მობილიზებულები. 2012 წელსაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ძირითადად 12.00-13.00 საათისთვის საათისთვის იყო მობილიზებული“.

დავით ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგის გამეორებას თუნდაც იმიტომ, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებში იღებდა სულ უფრო და უფრო ნაკლებ ხმას: 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 1 მლნ-ზე ნაკლები, 856,6 ათასი ხმა მიიღო.

ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი იყო 2003 წლისა (59%) და 2012 წლის (61%) საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი აღმოჩნდა 1 მლნ 250 ათასი ხმა.

„არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამომრჩეველი აქტიურია, ცვლილება არ მომხდარიყოს. ასე იყო 2003 წელს, ასე იყო 2012-შიც და ასე მოხდება ახლაც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG