Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატები ინარჩუნებენ კონტროლს წარმომადგენელთა პალატაზე, რესპუბლიკელები ცდილობენ შეინარჩუნონ წამყვანი პოზიციები სენატში


ამერიკელები თვალყურს ადევნებენ არჩევნების შედეგების შეჯამებას
ამერიკელები თვალყურს ადევნებენ არჩევნების შედეგების შეჯამებას

პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ბრძოლა გრძელდება წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად. ღამის განმავლობაში ხმების დათვლის პროცესში გამოჩნდა, რომ დემოკრატებმა იოლად მოახერხეს კონტროლის შენარჩუნება ქვედა პალატაზე, მაგრამ არ არის ნათელი, მოახერხებენ თუ არა ისინი უმრავლესობის მოპოვებას სენატში, რასაც ბევრი წინასწარმეტყველებდა.

საკანონმდებლო ორივე შტოს კონტროლი გადამწყვეტი იქნება იმ პროგრამის განსახორციელებლად, რომლის რეალიზებაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა დაიწყოს კანდიდატმა, იქნება ეს დონალდ ტრამპი თუ ჯო ბაიდენი.

ქვეყნის პრეზიდენტის გარდა, მოქალაქეები ირჩევენ 35 სენატორს, წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, 13 გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებს.

რესპუბლიკელი კანდიდატები იბრძვიან იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სენატში 23 მანდატი, მათ შორის, ზოგიერთ იმ შტატში, სადაც რესპუბლიკური პარტიის პოზიციები ტრადიციულად ძლიერია. ხოლო დემოკრატები ცდილობენ, მოიპოვონ დამატებით 12 ადგილი 100-კაციან სენატში.


არჩევნების წინ სენატში რესპუბლიკელებს ჰქონდათ 53 ადგილი, დემოკრატებს - 47.


წინასწარი შედეგებით, დემოკრატები ინარჩუნებენ უმრავლესობას კონგრესის ქვედა პალატაში. რესპუბლიკელების წარმომადგენლები კი, როგორც ჩანს, შეძლებენ უმნიშვნელო ლიდერობის შენარჩუნებას სენატში.

XS
SM
MD
LG