„რუსეთის ელჩმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში, ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ გუდაუთაში რუსი ექიმის გაუპატიურების არანაირი მცდელობა არ ყოფილა და ამას საელჩოს გარდა ადასტურებენ „აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რესპუბლიკის შსს.“
როგორც დვინიანინმა თქვა, 4-დან 5 ნოემბრის ღამით იყო „ტრადიციული აფხაზური სტუმართმოყვარეობა, რომელმაც ქალაქ გუდაუთის ადმინისტრაციის მხრიდან, სამწუხაროდ, ნორმას გადააჭარბა“, თუმცა, ინციდენტი ოპერატიულად მოგვარდა.
4 ნოემბერს ღამით, აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა APELSIN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რუსი ექიმის გაუპატიურება სცადა, რის გამოც ახალგაზრდა ქალმა საელჩოს მიმართა.
„ელჩმა" დვინიანინმა ჟურნალისტებს მიმართა, ნუ ენდობიან „მანდარინის, ფორთოხლის, ფეიხოას და ხურმის“ მსგავსი არხების ინფორმაციას.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში რუსი ექიმების ჯგუფები ზაფხულიდან იმყოფებიან და პერიოდულად იცვლებიან.