Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაიამ ლუკაშენკას მიმართა: პასუხს აგებ ტერორისთვის


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიმ, გააფრთხილა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომ ის და მისი გარემოცვა პასუხს აგებენ იმ ტერორზე, რაც ქვეყანაში ახალი ძალით გააჩაღეს ოპოზიციის მომხრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.



ამ მიმართვის ფონია 1000-ზე მეტი კაცის დაპატიმრება კვირას ბელარუსში გამართული მორიგი საპროტესტო აქციის დროს.



„ათასზე მეტი დაპატიმრებული, ფეხებით და ხელკეტებით ნაცემი ასობით ადამიანი... არაფერი არ გამოგივათ. ამაყი და უშიშარი ხალხი უკვე აღარასოდეს დაუჯერებს მათ, ვინც მასზე ხელი აღმართა და არჩევნები მოჰპარა. რეჟიმი შეუქცევადად ასამარებს საკუთარ თავს დანაშაულსა და ვალებში. ის აწყობს ტერორს, რისთვისაც პასუხს აგებს“, - ნათქვამია ციხანოუსკაიას მიერ იუტუბით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

უფლებადამცველ ჯგუფ „ვიასნას“ მიერ შეგროვებული აუდიო და ფოტომასალების მიხედვით, კვირას გამართული აქციების დაშლისა და მასობრივი დაკავების უკან ხშირ შემთხვევაში სპეცრაზმელებთან ერთად მონაწილეობდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ყველაზე უფრო სასტიკად აკავებენ დემონსტრანტებს.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება მასობრივი საპროტესტო აქციები. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო და მისი მომხრეები ალიაქსანდრ ლუკაშენკასგან ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეპრესიების შეწყვეტას.


9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს არ ცნობენ ევროკავშირი და აშშ.

5 ნოემბერს გამოქვეყნდა ეუთოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 9 აგვისტოს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ანგარიში ბელარუსს მოუწოდებს, „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს ახალი ნამდვილი საპრეზიდენტო არჩევნები“. მასში ასევე დაგმობილია ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებების „სისტემური“ დარღვევები მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG