Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსიდან აძევებენ ორ ბრიტანელ დიპლომატს


ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ლიზა ტამვუდი და სამხედრო ატაშე ტიმოტი უაიტი.

სამინისტროს პრესმდივანმა, ანატოლი გლაზმა სახელმწიფო ტელეკომპანია АНТ-ს განუცხადა, რომ საელჩოს წარმომადგენელთა საქმიანობა არ შეესაბამებოდა დიპლომატის სტატუსს და ბელარუსში მათი ყოფნის მიზნებს. მინსკის ვერსიით, ბრიტანელი დიპლომატები აგროვებდნენ ინფორმაციას ბელარუსში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაციის და საპროტესტო აქციების შესახებ.

სახელმწიფო ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ 8 ნოემბერს, ბრიტანელი დიპლომატები მინსკის ცენტრში აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციას, მაისის შემდეგ კი არაერთხელ შეხვდნენ ოპოზიციის და არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე კანონიერად დაკვირვებისთვის დიპლომატების გაძევება სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. რააბმა ტვიტერზე დაწერა, რომ ლუკაშენკა საკუთარი ხალხის შევიწროებას ვერ დამალავს და ერთადერთი გზაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პასუხისმგებლობის დაკისრება მათზე, ვინც დემონსტრანტებზე ძალადობს.

დარბევების და დემონსტრანტების მასობრივად დაკავების მიუხედავად, ბელარუსში სამი თვეა გრძელდება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ლუკაშენკას პრეზიდენტად არ ცნობენ და ხლისუფლებიდან მის წასვლას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG