Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე ამომრჩეველს "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერას სთხოვს


"ქართული ოცნების" ლიდერი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერას სთხოვს. მისი თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები გაცხადებული ბოიკოტის მიუხედავად მაინც მონაწილეობენ არჩევნებში და შესაძლოა, "ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვება გარანტირებული არ იყოს. გარდა ამისა, მაჟორიტარულ უბნებში მონაწილე ოპოზიციის 17 კანიდადატიდან 14-ს საარჩევნო პროპორციული სიის მოწინავე რიგებში ყოფნის გამო უკვე აქვთ პარლამენტარის მანდატი - "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატებს კი პარლამენტში მოსახვედრად მაჟორიტარულ ოლქებში მოგება სჭირდებათ.

"ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც.

ასევე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ.

აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი", - თქვა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში 14:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე.

ის, რომ ოპოზიცია ფარულად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე, თქვა რამდენიმე საათის წინ ირაკლი კობახახიძემაც, "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა ლიდერმა - ამომრჩეველს მანაც ისეთი აქტიურობისკენ მოუწოდა, რაც "ქართული ოცნების" კანდიდატების დამაჯერებელ გამარჯვებას მოიტანს.

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე, გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური..."

საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტების თანახმად: კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ფარულად ემზადებოდა, ოპოზიციაში უარყოფენ.

XS
SM
MD
LG