Accessibility links

logo-print logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა


ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოითხოვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ მიმდინარე აქციაზე.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საპარლამენტო არჩევნების წინ, საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის დააკავა. მათი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც, მათი შეფასებით, ამორალურობის ახალი საფეხურია „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტაციის გაცნობაზე უარის თქმა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

„ამ საპროტესტო ტალღის მთავარი მოთხოვნა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას უპირობო გათავისუფლებაა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა ეს არ არის. იმის მაგივრად, რომ ბევრი წლის თანამშრომლების ინტერესებს იცავდეს სამინისტრო, ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციას აძლევდეს ადვოკატებს, ამის ნაცვლად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაბლოკა ეს მასალა. ეს საქმე არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ხრიკი, რომელიც არ აუგორდა ბიძინა ივანიშვილს და ახლა ვერ ხვდება, თავი როგორ დაიძვრინოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელიც აქციაზე იმყოფება, ამბობს: „სრულიად უკანონოდ ჰყავთ მძევლად [ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა], იქ სადაც ფორმალურად დანაშაულის შინაარსი, ფაქტი არ არსებობს. ამას გარდა, ეს არ არის მხოლოდ ამ ორი უდანაშაულო ადამიანის ხვედრის საკითხი. იმ უმდაბლესი და სამარცხვინო სტანდარტითაც კი, რაც ივანიშვილმა დაამკვიდრა პოლიტიკური დაკვეთით ლიდერების, პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის“, - ამბობს ბოკერია.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG