Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთმა გადასცა ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა. ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ.

ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების" ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების - Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა.

სამინისტროს განცხადებით,საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ.

XS
SM
MD
LG