Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ცხინვალის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა


ფოტო გადაღებულია 2018 წლის 9 აგვისტოს.
ფოტო გადაღებულია 2018 წლის 9 აგვისტოს.

ოკუპირებული ცხინვალის ინფექციური საავადმყოფოდან Covid-ინფიცირებულები ბავშვთა საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ გადაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც საავადმყოფოს საქვაბე განყოფილება დაიწვა და შენობის გათბობა ვეღარ ხერხდებოდა. საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საქვაბეს შენობაში მოკლე ჩართვის გამო ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე მანქანა მივიდა და ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთო.

ადგილზე დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა, მაგრამ ინფექციური საავადმყოფოს შენობა გათბობის გარეშე დარჩა. ცივ პალატებში დარჩენილი პაციენტები კი ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში მოწყობილ Covid-ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ინფექციონისტი ელეონორა ჯიოევა აცხადებს, რომ გათბობის შეწყვეტის და ცხელი წყლის არქონის გამო 26 პაციენტი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ეს არის დროებითი ღონისძიება, ვიდრე ინფექციურ საავადმყოფოში გათბობის სისტემა არ აღდგება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივმა სპეციალისტებმა სარეზერვო საქვაბე აამოქმედეს და გათბობაც გაუშვეს, თუმცა ჩოვიდ-პაციენტები ისევ ბავშვთა საავადმყოფოში რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG