Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი ახალგორიდან მოქალაქეების გამოყვანას განაგრძობს


წითელი ჯვრის ავტომობილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან. 7 მარტი, 2018 წ.
წითელი ჯვრის ავტომობილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან. 7 მარტი, 2018 წ.

ოკუპირებულ ახალგორში სულ უფრო ცოტა ექიმი რჩება. იზოლირებული დაბის საავადმყოფოში მუშაობა ცხინვალელ ექიმებსაც აღარ იზიდავთ და ისინი უკანმოუხედავად გარბიან. ამას ემატება ადგილობრივი კადრების სიმცირე და, ფაქტობრივად, ახალგორი უექიმოდ რჩება.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, დაკვირვებით, სექტემბერში ორი თერაპევტი, რომლებიც დაბაში ვლადიკავკაზიდან იყვნენ ჩასული, სამსახურიდან წავიდა. მართალია, მათ ნაცვლად ცხინვალიდან ახალგაზრდა ექიმები ჩავიდნენ, მაგრამ ახალგორში საცხოვრებლად არც ისინი გაჩერდნენ და ერთი თვის შემდეგ ისინიც წავიდნენ. საავადმყოფოს თანამშრომელთა ინფორმაციით, ცხინვალიდან ჩასულ ექიმებს ნორმალურ ანაზღაურებას დაჰპირდნენ, მაგრამ მხოლოდ მცირე თანხა გადაუხადეს, ეს თანხა კი მათ ცხინვალ-ახალგორის გზის ხარჯის დასაფარად არ ჰყოფნიდათ.

„ამჟამად ჩვენ არც საავადმყოფოში და არც პოლიკლინიკაში ერთი თერაპევტიც აღარ გვყავს. ორი თერაპევტი გვყავს სასწრაფო დახმარების სამსახურში, მაგრამ ისინი მხოლოდ მორიგეობის პერიოდში ჩამოდიან და, როცა ისინი არ მორიგეობენ, ჩვენ რა ვქნათ? დაგვეღუპა ქირურგი. წავიდნენ ოტოლარინგოლოგი, რენდგენოლოგი, ტრავმატოლოგი და ინფექციონისტი. ექიმების ასეთი ტემპით გადინება თუ გაგრძელდა, ჩვენთან უკვე ხუმრობენ, რომ ახალი წლისთვის მხოლოდ საავადმყოფოს მთავარი ექიმი და კადრების განყოფილების უფროსიღა დარჩებიან. ამჟამად ადგილობრივი მედპერსონალი ასეთია: სამი სტომატოლოგი, პედიატრი, ნევროპათოლოგი და ერთი ტრავმატოლოგი“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

მისი თქმით, დარჩენილი ექიმები მთელ რაიონს ემსახურებიან. სოფელ წინაგარშიც არსებობს საავადმყოფო, მაგრამ, სამოქალაქო აქტივისტის თქმით, იქ ე.წ. მკვდარი სულები არიან გაფორმებული, მაღალჩინოსნების ნათესავები, რომლებიც სამსახურში არ დადიან და ხელფასს ისე იღებენ. ახალგორიდან ექიმების გარდა ადგილობრივი მცხოვრებლებიც გარბიან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან დაბის ჯანდაცვის შესაძლებლობები. ზამთარი მალე ძალებს მოიკრებს, თოვლი კი იმ ტყის ბილიკებსაც ჩაკეტავს, რომელთა მეშვეობითაც ახალგორელები დაბიდან გასვლას და ზოგიერთი უკან დაბრუნებას რუსეთის მესაზღვრეებისგან შეუმჩნევლად ახერხებდნენ, ამიტომ ახლა ბევრი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე გავიდეს ახალგორიდან და წეროვანში დასახლებულ საკუთარი ოჯახის წევრებს შეუერთდეს. რადიო თავისუფლების წყარო ახალგორიდან გვატყობინებს, რომ ვითარება ყოველდღიურად მძიმდება.

„ექიმ ონისე გათენაშვილის დაღუპვის შემდეგ უფრო მეტი ადამიანია შეშინებული. ადამიანები ქუჩაში გამოსვლასაც კი ერიდებიან. მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა ჩვენი ახალგორი. ბევრი ავადმყოფობს და საავადმყოფოს არც აკითხვას, რადგან იმედი არა აქვთ, რომ კვალიფიციურ დახმარებას მიიღებენ, ამიტომ სახლის პირობებში ცდილობენ ვირუსი დაამარცხონ. ვისაც გაქცევა შეუძლია, გარბის. წითელი ჯვრის მანქანაც სულ უფრო ხშირად ჩნდება დაბაში. ამ ორგანიზაციის მეშვეობით ბევრი ცდილობს, რომ აქედან წავიდეს. განცხადებას უამრავი ადამიანი წერს და ითხოვს, რომ ოჯახების გაერთიანების პროგრამაში ჩართონ. ასე თუ გაგრძელდა, გაზაფხულამდე აქ თითო-ოროლა ადამიანიღა დარჩება“.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და დაბის მოსახლეობისგან დაცლის შესახებ.

ოჯახების გაერთიანების პროგრამის სიაში 280-მდე ადამიანი ირიცხება. წამსვლელ ოჯახს 500 კილოგრამი ბარგის წაღება შეუძლია. ამიტომ სოფლების მცხოვრებლები ყიდიან საქონელს, ფრინველს, სხვადასხვა ქონებას. გაყიდვაც რთულია, რადგან მოსახლეობაც ცოტაა და მყიდველიც ნაკლებია, ამიტომ თითქმის უფასოდ გასცემენ. პროცედურებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა. წამსვლელებმა უნდა დაფარონ საგადასახადო ვალები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ეს საბუთები უნდა მიიტანონ კაგებეში, წასვლის წინ კი დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან და საკუთრებაზე პრეტენზია აღარ ექნებათ. ბევრი ადამიანი ამაზე თანხმდება. ხელს აწერენ იმაზე, რომ რაიონში დარჩენილ მათ ქონებაზე პრეტენზიები აღარ ექნებათ, ესე იგი, სახლებზე. ეს ყველაზე რთული პროცედურაა ახალგორიდან წამომსვლელი მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ახალგორში განვითარებულ მოვლენებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც გამოეხმაურა. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია ოჯახების გაერთიანების პროგრამისა და იმ სტატისტიკის შესახებ, რომელიც 2020 წელს ფიქსირდება.

განცალკევებული ნათესავების ერთმანეთთან დაკავშირება ან მათი გაერთიანება, უპირველესად, გულისხმობს ოჯახის ერთიანობის ფუნდამენტური უფლების დაცვას, რასაც წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტი, ნეიტრალური შუამავლის როლის ფარგლებში, ცდილობს ხელი შეუწყოს. 2020 წლის განმავლობაში ამ პროგრამით სულ 52 ოჯახი გაერთიანდა ყველა მიმართულებით. მათ შორის 3 პირი აფხაზეთიდან გაერთიანდა ოჯახთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 2 პირი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეუერთდა ოჯახის დანარჩენ წევრებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და 47 პირი - ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ოჯახების გაერთიანების პროცედურა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკავშირდება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი პირი და ითხოვს დახმარებას ოჯახთან გაერთიანებაში, ან გვიკავშირდება ოჯახის წარმომადგენელი და გვთხოვს დავეხმაროთ ოჯახის წევრის გადაყვანაში ნებისმიერი მიმართულებით.

„ჩვენ თავდაპირველად ვუკავშირდებით შესაბამისი ოჯახის წარმომადგენლებს ორივე მხარეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი თანახმა არიან ოჯახის გაერთიანებაზე. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლები მათ დეტალურად უხსნიან, რომ პროგრამის არსი არის ოჯახის განცალკევებული წევრების გაერთიანება, რაც, ჩვეულებრივ, არ მოიცავს პირის უკან დაბრუნებას. თუმცა ვითვალისწინებთ, რომ გარემოებები შესაძლოა შეიცვალოს და, შესაბამისად, მზად ვართ მოვერგოთ საჭიროებებს, რეალობიდან გამომდინარე. პიროვნების გაერთიანებისთვის ოჯახის წევრებთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა, საჭიროა ორივე მხრიდან შესაბამისი ხელისუფლებების (დე ფაქტო) წარმომადგენლების თანხმობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოჯახი მოიპოვებს შესაბამის ნებართვას, წჯსკ ახორციელებს პირის გადაყვანას კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ნებართვებისა თუ სხვა რაიმე დოკუმენტაციის გაცემის პროცესში“, - აცხადებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.

საქართველოს ხელისუფლება ახალგორის ჰუმანიტარული კრიზისისა და მოქალაქეების უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში იმსჯელებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ უკვე აცნობა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს. დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა ჟენევაში 10-11 დეკემბერს იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG