Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 საათში დანიშნულ-გაუქმებული სასამართლო სხდომები - პოლიტიკური ვაჭრობა მართლმსაჯულებით?


1 დეკემბერს ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა, ხოლო 2 დეკემბერს ასევე ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა ნიკა მელიასთან, გიგი უგულავასთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის იმ საქმეების გადადების მიზეზად, რომლებსაც ახლო წარსულში საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციები მოჰყვა, საქალაქო სასამართლო კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებით ხსნის. პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ეს სვლა პოლიტიკური კრიზის ფონზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სასამართლო ამ შემთხვევაშიც სათავისოდ გამოიყენა.

  • რით აიხსნება 8 მარტის შეთანხმების შემდეგ შეჩერებული 4 გახმაურებული საქმის განახლების გეგმა და შემდეგ ამ გეგმის შეცვლა?
  • .რა შეკითხვებს აჩენს პოლიტიკური პროცესებისა და სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროში დამთხვევა?
  • რას ამბობს თბილისის სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გასამართლებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას ადვოკატს, გიორგი კონდახიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოდან 2 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათისთვის დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო პროცესი კორონავირუსის გამო გადაიდო. „ღიმილის მომგვრელია, არა?!“- ამბობს ადვოკატი.

მას იმავე სასამართლოდან სულ რაღაც ერთი დღით ადრე, 1 დეკემბერს შეატყობინეს, 8 თვის წინ შეჩერებული პროცესი 15 დეკემბერს განახლდებაო - „არადა თითქოს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების მხრივ ერთ დღეში რადიკალურად არაფერი შეცვლილა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმის განხილვა, სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ შეჩერდა.

როგორც ადვოკატი კონდახიშვილი გვეუბნება, მელიას საქმე სასამართლოს პოლიტიზირების მკაფიო მაგალითია და მისი დაწყებაც და შეჩერებაც პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება - „საქმეში არ არის სამართლებრივი შემადგენელი და პირველივე წუთიდან აბსოლუტურად პოლიტიკურ ჭრილში იმართებოდა პროცესები“.

1 დეკემბერს, თვეების წინ შეჩერებული საქმეების განახლების შესახებ შეტყობინებები ასევე მიიღეს: „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა და „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში გვარამიამ პროცესის განახლებას რეპრესიების დაწყება უწოდა და ეს ყველაფერი პირდაპირ დაუკავშირა საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების პროცესს - სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირვების პირობებში.

პოსტში ასევე ვკითხულობთ:

  • „ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი“.
  • „რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, ოცნებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად“.

ეს პოსტი ნიკა გვარამიამ 1 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე გამოაქვეყნა; ხოლო უკვე 2 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ - 7 დეკემბერს დანიშნული მისი პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2 დეკემბერს, დროის იმავე მონაკვეთში გახდა ცნობილი, რომ პროცესები გადაიდო გიგი უგულავასთან და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებულ საქმეებზეც. ამ ორმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საპატიმრო სწორედ 8 მარტის შეთანხმების კვალდაკვალ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, 15 მაისს დატოვა. თუმცა მას შემდეგ, მათ შემთხვევაში კვლავ განახლდა სამართლებრივი დევნა ძველ საქმეებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროცესების დანიშვნა და შემდეგ მათი გადადება სწორედ იმას ნიშნავს, რომ (ბიძინა) ივანიშვილმა სცადა, რომ ზეწოლის ბერკეტად გამოეყენებინა ეს საქმეები ოპოზიციაზე, ოღონდ, როგორც ჩანს, გაიგო, რომ არანაირი ზეწოლა ამის შედეგად არ განხორციელდებოდა“ - განაცხადა 2 დეკემბერს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ვერანაირი ზეწოლა ვერ შეცვლის ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ და სწორედ ამ მიმართულებით ელოდება ოპოზიცია ხელისუფლების კონკრეტულ წინადადებას მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომლის გამართვაც ჭიანურდება - „ამ ადამიანების სიტყვას არანაირი ფასი არ გააჩნია და ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რათა ეს გაყალბებული და მოპარული არჩევნები ივანიშვილს არ შერჩეს.

რატომ შეცვალა სასამართლომ გადაწყვეტილება და რატომ გადადო გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული სხდომები?

100-მდე საქმის განხილვასთან დაკავშირებული განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 დეკემბერს დაახლოებით 16:00 საათისთვის გამოაქვეყნა, მაშინ როცა უფლებადამცველებს შორის ჯერ ისევ ძალას იკრებდა პროტესტი საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შეჩერებული პროცესის განახლების გამო.

  • საქმეების შეჩერების მიზეზად თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები დაასახელა - "საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, ასევე - პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით“;
  • სასამართლო აცხადებს, რომ საქმეების გადადების აუცილებლობას აჩენს დისტანციურად განსახილველი საქმეების მაღალი რიცხვი, ასევე - „ტექნიკურ-სისტემური კოლაფსის“ მოსალოდნელი საფრთხე და მოსამზადებლად მას დრო ესაჭიროება - „ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს".

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი რეკომენდაციები 1 დეკემბერს, 15:00 საათზე გამართულ სხდომაზე დაამტკიცა და ამის შესახებ ინფორმაცია თავის ფეისბუკგვერდზე 17:00-18:00 საათამდე დროის შუალედში გამოაქვეყნა - ანუ სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა სასამართლოში დაბარების შეტყობინებები მიიღეს.

  • 1 დეკემბრის სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე 30 ნოემბერს გამოქვეყნდა, მაშინ, როცა კანონის მოთხოვნით, ეს არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე უნდა მოხდეს.
  • ამ სხდომის დანიშვნის შესახებ ასევე 30 ნოემბერს, ღამით შეიტყო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, თუმცა მას არ ჰქონდა წარმოდგენა რა შინაარსის რეგულაციების განხილვას აპირებდა საბჭო - „კანონით დადგენილ ვადებში სხდომის ჩატარებისა და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია არ მქონია“.

იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებში არ იკითხება ვალდებულება უკლებლივ ყველა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით.

რადიო თავისუფლება 2 დეკემბერს ცდილობდა, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც მოესმინა შეფასებები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ უპასუხოდ დავრჩით.

ადრე კი, ყოველ ჯერზე, როდესაც 8 მარტის შეთანხმებასა და სასამართლოს დეპოლიტიზების მოთხოვნაზე იყო ლაპარაკი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად აცხადებდნენ, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები, არ არსებობს პოლიტიზებული მართლმსაჯულება და სასამართლოს გადასაწყვეტია - ვინ უნდა იჯდეს საპატიმროში.

უფლებადამცველებისა და ანალიტიკოსების ნაწილს უჩნდება ეჭვი, რომ ოპონენტების გასამართლების პროცესის განახლება ხელისუფლებამ ზეწოლის შედეგად გადაიფიქრა, რადგან ეს იქნებოდა საბოლოო ჩიხი საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების პროცესისთვის და ამას ისევ მკაცრი შეფასებები მოჰყვებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

„საერთაშორისო პარტნიორებს არ გაუკვირდებათ, მაგრამ იმედგაცრუებულები დარჩებიან და ეს ცუდია ქვეყნისთვის, რადგან - ისინი დიდ ძალისხმევას დებენ ამ ქვეყნის სტაბილურობისთვის და წინსვლისთვის ... და როცა ასეთი ნაბიჯები იდგმება მოლაპარაკებების მსვლელობისას, ერთი მხრივ - ეს ხელს არ უწყობს შედეგის მიღების მიზანს და მეორე მხრივ, აზრს უკარგავს ფასილიტაციასაც, რადგან საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს იქნება იმის ნიშანიც, რომ ხვალ შეიძლება ხელისუფლებამ უარესიც გააკეთოს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, გია გვილავამ დღის პირველ ნახევარში, როდესაც ჯერ ისევ არ იყო ცნობილი სასამართლო პროცესების გადადების ამბავი.

გვილავამ ასევე გვითხრა, რომ ამჟამად არსებული პოლიტიკური კრიზისის კონტექსტის გათვალისწინებით, ამ საქმეების განახლება აუცილებლად იქნებოდა აღქმული პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, თანაც იმ ფონზე - „როდესაც ორი დაპირისპირებული მხარიდან ერთ-ერთის ხელშია მთელი სახელმწიფო აპარატი და მანქანა; ხელისუფლებაზე მიბმული სასამართლო მის ინტერესებს ატარებს და არ არის საზოგადოებრივი ნდობა სასამართლოს მიმართ“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG