Accessibility links

logo-print logo-print

გაიცანით მოხალისეები, რომლებიც სახლში დარჩენილ კოვიდპაციენტებს ეხმარებიან


მოხალისე ექთნები და  სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი არაფორმალური  ჯგუფები,  ფაქტობრივად, ჯანდაცვის სისტემის გარეთ დარჩენილ კოვიდპაციენტებს საკუთარი ძალებით ეხმარებიან. 

ნანა სხილაძე ის ერთ-ერთი რეზიდენტია, რომელიც პანდემიის პირობებში ინფიცირებულებზე ზრუნავს. ახლა მოხალისეებს ეძებს - მათ, ვინც პირადად გამოსცადა, რას ნიშნავს იყო კოვიდინფიცირებული. მათ, ვინც იმ პაციენტებს დაეხმარებიან, ვისი ადგილიც საავადმყოფოში ვერ მოინახა და გადასხმა ან მკურნალი ექიმის დანიშნული ინექციების გაკეთება სახლში სჭირდება. სამსახურის პარალელურად ფეისბუკგვერდით COVID-19-ის შესახებ ის ინფორმაციას ავრცელებს და ცდილობს შეკრიბოს მოხალისეები,

ნანა სხილაძე - რეზიდენტი
ნანა სხილაძე - რეზიდენტი

„ვიფიქრე, იქნებ რამე შევცვალო და დავეხმარო სახლში დარჩენილ ავადმყოფებს ექიმის დანიშნულების შესრულებაში - იქნება ეს ნემსის გაკეთება თუ გადასხმა, იმის მიხედვით, რაც მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა”.

ნანამ ჯერ არც ისე ბევრი მოხალისე იპოვა, თუმცა რამდენიმე ადამიანი უკვე სისტემატურად დადის კოვიდპაციენტებთან.

„ერთი გოგონა დილიდან საღამომდე დადის პაციენტებთან. იქამდეც დადიოდა უანგაროდ, მაგრამ ჩემ მიერ მიწერილ პაციენტებთანაც გავუშვი და უფრო აქტიურად განაგრძობს დახმარებას. მეც დავდივარ, როცა ვხედავ, რომ ძალიან მძიმე პაციენტია და არმისვლა არ გამოვა “, - ამბობს ნანა სხილაძე.

ეს „ერთი გოგონა”, რომელიც ყოველდღე ათობით ადამიანს ეხმარება, ნათია დიაკონიძეა. სრული სამედიცინო განათლება არ აქვს, საექთნო ლიცეუმში სწავლობდა, და თუკი სანათესაოში ვინმეს ნემსის გაკეთება სჭირდებოდა, მე მეძახდნენო, ამბობს. გადატანილმა კორონავირუსმა კი დაანახვა, რომ ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ექთნის მომსახურება სჭირდება და არავინ ჰყავს ნემსის გამკეთებელი.

„კი, იცით, როგორი სიტუაციაა? ექიმს ვერ ურეკავენ, 112-ში პასუხს საათობით ელოდებიან. სამწუხაროდ, გამოკვლევის საშუალებაც ბევრს არ აქვს, როცა ერთი ანალიზის ან ტესტის გაკეთება შეიძლება 160 ლარი და მეტი ღირდეს”.

ნათია დღეში სულ მცირე 30 პაციენტს მაინც ემსახურება. ზოგან ოჯახის 3-4 წევრს სჭირდება დახმარება - იქნება ეს გადასხმა თუ კუნთში ნემსის გაკეთება.

„იმდენი რეკავს, რომ ყველას ვერ ველოდები საათ-ნახევარი, რომ გადასხმის პროცედურა დასრულდეს, ამიტომ პაციენტის ოჯახის წევრებს ვუხსნი, როგორ გადაკეტონ სისტემა და გავრბივარ სხვასთან. მსუბუქ პაციენტებს ხანდახან რეკომენდაციებს ვაძლევ, თუმცა ვისაც რთული ვითარება, თანდართული ქრონიკული დაავადება ან ოპერაცია აქვს გადატანილი, მათ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით ვუწევ მკურნალობას”.

ყოფილა შემთხვევები, როცა დილას გასული ბოლო პაციენტიდან ნათია ღამის ორ საათზე წამოსულა. თავიდან პაციენტებთან ტაქსით დადიოდა, ახლა მანქანით მგზავრობს. ღამე, „კომენდანტის საათის” დროს, როგორც თავად ამბობს, „ერთი კეთილი ბიჭი” ეხმარება, რომლის დედასაც გადასხმა გაუკეთა. საშვიანი მანქანით ღამე ის ატარებდა პაციენტებთან. ნათია ღამის ძიძად მუშაობს, ახლა რამდენიმე კვირით ღამით დახმარების შეჩერება მოუწევს, სამსახურში უნდა მიბრუნდეს, მაგრამ პაციენტებთან სამსახურის მერე დილიდანვე წავა.

„ვისაც რისი საშუალება აქვს, იმას იხდის. ყოფილა შემთხვევა, რომ ტაქსით მგზავრობაც ვერ აუნაზღაურებიათ, მაგრამ მე ფულის გულისთვის არ დავდივარ. ძალიან ბევრს უჭირს. ტელეფონი, ფაქტობრივად, არასდროს ჩერდება. სამსახურს რამდენიმე კვირაში მოვრჩები და მერე ისევ ვივლი საღამოობითაც”, - გვიხსნის ნათია.

თავად 8 შვილი ჰყავს. ერთი უკვე დაოჯახებულია, სახლში კი 7 შვილი ელოდება. სანამ დედა სხვებს ეხმარება, ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ. „3 უფროსი მყავს და 4 პატარას ისინი უვლიანო”, - ამბობს. უფროსი გოგო 19 წლისაა, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი კი - 3-ის.

ნათია დიაკონიძის 8 შვილი
ნათია დიაკონიძის 8 შვილი

ნათიასთვის მოტივაცია ქუთაისში მცხოვრები მარი გოგსაძის ფეისბუკსტატუსი გახდა. მარი წერდა, რომ თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან უამრავი ადამიანი ურეკავდა, მას კი მხოლოდ ქუთაისსა და მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ხალხის დახმარება შეეძლო.

„იზოლაცია რომ დავასრულე, მალევე დავწერე სტატუსი. ვიცი, რომ არსებობს ჯგუფები, სადაც ხალხს ონლაინკონსულტაციას უწევენ. მე კი გადავწყვიტე, ბინაზე მივსულიყავი პაციენტებთან, რადგან „უპატრონობის” გამო ხალხი ცუდ დღეში იყო. კოვიდი არ გკლავს, მაგრამ გკლავს ის, რომ სხვა არავინ გეხმარება. არ მეგონა, ამდენს თუ დასჭირდებოდა დახმარება. მეგონა, სამსახურის მერე გავიდოდი, ახლა მთელი დღე პაციენტებთან დავდივარ“.

ყველაზე რთული და ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც გადასხმა გაუკეთა და გამოჯანმრთელდა, 90 წლის ბებია იყო. მარიმ 10 წელი სამშობიაროში იმუშავა და კარგად იცის, როგორ გამიჯნოს ექთნისა და ექიმის ფუნქციები, მაგრამ გაკვირვებული ამბობს:

„მე მივყვები ექიმის დანიშნულებებს, მაგრამ იქ მხვდებიან პაციენტები, რომელთაც ზოგი ექიმი ეუბნება, ექთნებმა თვითონ იციან, რა გადაგისხანო და არ უნიშნავენ არაფერს”.

კესო შამუგია ოჯახის ექიმის ასისტენტია, პარალელურად, სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით კონსულტაციებს უწევს კოვიდსიმპტომიან, უსიმპტომო, დადასტურებულ და ჯერ კიდევ დაუდასტურებელ პაციენტებს. სამსახურის მერე კი, თუკი მსურველი გამოჩნდა, ინექციებსა და გადასხმებს აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ძირითადად კონსულტაციის გაწევა უწევს, რადგან ბევრი ზარი შემოდის და ყველას რჩევა ან დამშვიდება სჭირდება.

კესო შამუგია
კესო შამუგია

„ინფუზია და სისხლის გადასხმა ოქროს სტანდარტი არ არის. სხვასაც მოვუწოდებ, რომ ხალხში გავრცელებული ასპირინი, ანტიბიოტიკი და სხვა პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ, რადგან ნებისმიერი წამალი ქიმიური პრეპარატია და აქვს დადებითი და გვერდითი მოვლენები. შესაბამისად, რაც უნდა მსუბუქი შემთხვევა გვეჩვენოს, ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა. ექთანმა ექიმის დანიშნულება უნდა შეასრულოს, მე კი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში.

ექიმებისა და მოხალისეების სხვადასხვა ჯგუფში ვარ გაერთიანებული და მზად ვარ, ნებისმიერ დროს საჭირო დახმარება გავუწიო მსურველებს. 599872737”.

დღევანდელი, 3 დეკემბრის, ოფიციალური მონაცემებით, 11 227 ადამიანი კოვიდს სახლში მკურნალობს. ამას ემატება ის ადამიანები, რომლებმაც ტესტი უსახსრობის ან სხვა მიზეზებით არ გაიკეთეს, თუმცა აქვთ კორონავირუსის ნიშნები და, შესაბამისად, მათ ნაწილს შესაძლებელია ექიმებისა და ექთნების დახმარება სჭირდებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG