Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო გრიპის სეზონური ცირკულაცია


საქართველოში უკვე დაიწყო B ტიპის გრიპის ცირკულაცია. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ამ სეზონზე გრიპის ვირუსი პირველად გამოჩნდა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად:

„ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამაზე ბევრი ვერსია იყო. მათ შორის ისიც, რომ მოსახლეობა რომ მივეჩვიეთ გარკვეულად პრევენციული ღონისძიებების დაცვას, ვთქვათ, ტარებას პირბადის, უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს, შეიძლება, გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“.

ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ორსულებს, მოუწოდა, გაიკეთონ სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და ყველგან ატარონ პირბადე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, შეიძლება გრიპის ვირუსი შეხვდეს. გამყრელიძის თანახმად, ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი უკვე ჰქონდა, თავისუფლად შეუძლია ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა.

7 დეკემბერს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 ათასი დოზიდან ჯერ კიდევ არის 65 ათასამდე დოზა და მოხსნილია რისკჯგუფების მიხედვით დაწესებული ბარიერებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG