საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2"-ის ეთერში ილაპარაკა სამაუწყებლო კომპანიის საქმეში იუსტიციის სამინისტროს წვლილზე. მან არხის ტოკშოუს წამყვანებს მიმართა: „კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე, იმიტომ რომ ნიკა გვარამია აღშფოთდა. თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2" ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ რომ მე ტყუილად კომპლიმენეტებს არ ვარიგებ. მე ბოდიშს ვიხდი რომ გავნერვიულდი, მაგრამ..."
წამყვანის შენიშვნას, „რუსთავი 2" დააბრუნა ევროპის სასამართლომ", თეა წულუკიანი ასე გამოეხმაურა: „უი, რას ამბობთ... კარგი, არ გვინდა ახლა ამაზე ჩხუბი, ჩვენ კი არ დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. „ქართულ ოცნებას" და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინა და თავისით დაუბრუნდა, კანონიერება თავისით აღსდგა ამ საქმეზე, კი ბატონო, ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ".
წულუკიანს „ფეისბუკზე" გამოეხმაურა „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
„ზოგიერთის სისულელე ბრალდებების მიუხედავად, მე არასდროს მითქვამს, რომ ბიძინამ იყიდა სტრასბურგის სასამართლო. მაგრამ, აგერ, ეთერში, თეა წულუკიანი ცდილობს ამის დამტკიცებას და რ2ის მიმტაცებლებისთვის ამის დაყვედრებას. წლები რომ იძახდნენ, ჩვეულებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, ჩვენ რა შუაში ვართო, ისტერიკა დამართულმა წულუკიანმა, ხო არ გეჩვენებათ, რომ ვინმემ დაგიბრუნათ რ2, თუ არა ქართულმა ოცნებამო და იუსტიციის სამინისტროს ლომის წილი აქვს ამაშიო.
ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ, რატომ და რა ფორმით ჩარია უკანონოდ ორ სუბიექტს შორის დავაში მესამე დაინტერესებული მხარე", - წერს გვარამია.
2019 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. შედეგად ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2"-ს 100%-იანი წილი ოფიციალურად გადაიფორმეს.
დაწერეთ კომენტარი