Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ახალი წლის აღნიშვნაზე: ჩვენ გვჭირდება ჰაერივით ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა


თბილისის მერიისთვის ახალი წლის ახალი სლოგანი "სოლიდარობით სავსე ქალაქი" იქნება, სადღესასწაულო ღონისძიებები კი პანდემიის გათვალისწინებით მაყურებლის გარეშე გაიმართება და მათ მოსახლეობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახავს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ახლა, ისე როგორც 2015 წლის 13 ივნისს საზოგადოებას ჭირდება სოლიდარობა.

“ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. თბილისელებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნას და არა მხოლოდ თბილისში, მთელს საქართველოში თუნდაც სულ პატარა საზეიმო განწყობა შეიქმნას. სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც. ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს - ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით. ამ ახალი წლის და საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“, - განაცხადა თბილისის მერმა და ისაუბრა წინასაახალწლო პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელსაც თბილისის მერია გეგმავს. კახა კალაძის თქმით, პანდემიის გამო საახალწლო სოფელი თბილისში არ იქნება და ის თანხები, რაც მის მოწყობაზე იხარჯებოდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილება. კონცერტები კი, რომელიც თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება, მაყურებლის გარეშე ჩატარდება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება. ვიცი, რომ ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს და მინდა, მათ და მათ მშობლებს მივმართო: მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რაც შეეხება შემდეგ ღონისძიებებს, გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. ჩართვებში ასევე, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები." - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მათი ჩართულობა საახალწლო კონცერტებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ამ რთულ ვითარებაში გაუჭირდათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც და დიდი ზიანი მიადგათ. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით მათ დასახმარებლად, თუმცა მათ ახლაც სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა. მაქსიმალურად შევეცდებით, ისინი ამ ღონისძიებებში ჩაერთონ. როგორც გითხარით, კონცერტებისა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ნახვა ტელეეთერებიდან იქნება შესაძლებელი, რადგან არსებულ ვითარებაში ხალხის შეკრება რისკს წარმოადგენს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანების განწყობა შევამსუბუქოთ. ჩვენ ფიქრებს დიდი ძალა აქვს. კარგად მესმის სირთულეები, გაჭირვება, მაგრამ ჩვენი სოლიდარობითა და ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო ღონისძიება, რომელშიც 30-ზე მეტი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და პირდაპირ ეთერში გადაიცემა, თბილისის მერიას 491 ათასი ლარი უჯდება.

XS
SM
MD
LG