Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

46 უარი მანდატზე - რომელ პარტიებს ელოდება ხელისუფლება პარლამენტში


ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით თქვეს უარი სადეპუტატო მანდატებზე. ლეიბორისტულმა პარტიის შემდეგ, 16 დეკემბერს პარლამენტს განცხადებებით მიმართეს: „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-მ, „ევროპულმა საქართველომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იგივეს გააკეთებს „ლელოც“. დანარჩენ სამ ოპოზიციურ პარტიას კი ჯერ არც პარტიული სიების გაუქმების მოთხოვნით მიუმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის.

  • რა ტაქტიკით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებული მეხუთე რაუნდის წინ?
  • როგორ უნდა შეუთავსდეს ერთმანეთს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელება?

მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 60 ოპოზიციონერი დეპუტატია. აქედან 4 პარტიის/ბლოკის 50-მდე დეპუტატმა უკვე მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. პირველი იყო ლეიბორისტული პარტია, რომელმაც განცხადება 14 დეკემბერს შეიტანა და ერთადერთ მანდატზე თქვა უარი. ხოლო 16 დეკემბერს, პარტიების ინფორმაციით, პარლამენტში კიდევ 45 დეპუტატის განცხადება შევიდა:

  • „ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშია“ – 36;
  • „ევროპული საქართველო“ – 5;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი - 4
  • ლეიბორისტული პარტია - 1.

„რესპუბლიკური პარტიის“ ორმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალეს და 16 დეკემბერს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით თავიანთი საარჩევნო ბლოკის („ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) შემადგენლობასთან ერთად მიმართეს საქართველოს პარლამენტს.

რატომ შეცვალეს „რესპუბლიკელებმა“ თავდაპირველი გადაწყვეტილება და რატომ აღარ დაელოდნენ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს? პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ გვიპასუხა, რომ გადაწყვეტილების შეცვლა, პირველ რიგში, “სამართლიან არჩევნების” (ISFED) საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებამ განაპირობა:

„ჩვენ დავტოვეთ მცირე სივრცე, რომ იქნებ - მოლაპარაკებებს დავლოდებოდით... მაგრამ მალევე, ხელისუფლების დამოკიდებულებამ დაგვარწმუნა, რომ ამ მოლაპარაკებებს არ ცნობს სერიოზულ სივრცედ და ფსევდომოლაპარაკებებად აქცევს... ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება დაძაბოს ვითარება მოლაპარაკებების მაგიდასთან... ჩვენს მოთხოვნებზე საპასუხოდ ხელისუფლება სულ გვეუბნებოდა - აგერ ნახავთ, თუ არ შემოხვალთ პარლამენტშიო...

შესაბამისად, მანდატებზე უარის თქმით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლებას, რომ ეს არ არის ხუმრობა და თამაში ... ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე გადმოვიყვანოთ ხელისუფლება მოლაპარაკებების სერიოზულ ფაზაში... რა თქმა უნდა, ამაში ვხედავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების რესურსსაც, რომ როგორმე დაარწმუნოს ხელისუფლება“.

დეპუტატები განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერენ, ხოლო შემდეგ საკითხი შესასწავლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეგზავნება. პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს 7-დღიან პაუზას იმ შემთხვევისთვის, თუკი ესა თუ ის დეპუტატი მანდატის დატოვებას გადაიფიქრებს.

როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას, ერთი მხრივ, მანდატებზე უარის თქმა და, მეორე მხრივ, მოლაპარაკებების გაგრძელება ხელისუფლებასთან?

სწორედ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ერთ კვირიანი დაყოვნების ვადა ახსენა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემაც და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემაც.

„ვიდრე უფლებამოსილება შეგვიწყდება, ხელისუფლებას აქვს 7-დღიანი ვადა ამისთვის, რომ დაძრას მოლაპარაკებების პროცესი... მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ... ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს სიტუაცია“ - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა მანჯგალაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის უმჯობესი იქნება, თუკი ის ადეკვატურ ნაბიჯებს პარლამენტთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურების გართულებამდე გადადგამს და იმსჯელებს "ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე"; მაგრამ თუკი ეს არ მოხდება, პარტია მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები მანდატების გაუქმების შემდეგაც.

ცესკომ პარტიული სიების გაუქმების განაცხადი უკვე დაუკმაყოფილა, მაგრამ პარლამენტში განცხადებები ჯერჯერობით არ შეუტანია*** პარტია „ლელოს“.

როგორც პარტიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, დეპუტატები ასეთ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამენ მიმდინარე კვირაში. „ლელო“ არ ასაჯაროებს ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის დეტალებს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორიოდე დღის წინ ხაზარაძე და ჯაფარიძე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ და მათ - ფასილიტატორების როლის არბიტრის როლით ჩანაცვლება სთხოვეს. ითქვა, რომ ეს შექმნილ ვითარებაში ერთგვარად მსაჯულის პოზიციებიდან მოქმედებას გულისხმობს.

ხათუნა სამნიძემ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ლელო" მთლიანად ოპოზიციის სახელით არ მოქმედებდა, მაგრამ ეს შეთავაზება მისაღებია მათთვისაც.

აპირებს თუ არა ხელისუფლება მოლაპარაკებების გაგრძელებას?

საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით , ჯერ კიდევ 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა უკვე მეექვსე დღეა, ამ მხრივ კონკრეტული არაფერი ჩანს.

რადიო თავისუფლებას პარლამენტში დაუდასტურეს ინფორმაცია , რომ 15 დეკემბერს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები - ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე. თუმცა აღარ დაგვიკონკრეტეს - შეეხებოდა თუ არა ეს შეხვედრა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ ბოიკოტი „პოლიტიკური შეცდომაა“ და რომ აქვს „საფუძვლიანი მოლოდინი“ პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციას, დიალოგი გამოვიყენოთ იმისთვის, რათა შევთანხმდეთ არა იმ კატეგორიული მოთხოვნების გარშემო, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმოდა, არამედ შევთანხმდეთ იმ ინტერესების და საკითხების გარშემო, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება“ - განაცხადა თალაკვაძემ 16 დეკემბერს.

რომელი პარტიების იმედი შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“?

ამ ეტაპზე 4 პარტიას მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით ჯერჯერობით არც პარლამენტისთვის მიუმართავს და არც ცესკოსთვის უთხოვია პარტიული სიების გაუქმება.

რადიო თავისუფლებას 16 დეკემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უთხრეს, რომ ვითარება უცვლელია და ჯერჯერობით საერთოდ არ გამოჩენილან: „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებმა“, ხმაურიანი პროცესების ფონზე, არაერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე არ იჩქარებდა სიისა და მათი კუთვნილი 2 მანდატის გაუქმებას.

რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა დაკავშირებოდა „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც მანდატებზე უარის თქმისთვის საჭირო პროცედურებზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს და მზაობასაც გამოხატავს.

ორად გაყოფილ პარტია „გირჩში“ კი ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა:

  • ზურაბ ჯაფარიძის მხარეს გვითხრეს, რომ ის პარტიის თავმჯდომარისგან, იაგო ხვიჩიასგან პარტიული სიის ჩახსნის საკითხის მოგვარებას ელოდება და თუკი ეს ერთ-ორ დღეში არ მოხდება, ჯაფარიძე დამოუკიდებლად გადადგამს ამ ნაბიჯს და მანდატზეც უარს იტყვის.
  • ხოლო იაგო ხვიჩიას მხარეს რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე“, თუმცა მანდატებზე დეპუტატები უარს იტყვიან იმ შემთხვევაში, თუკი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება -„ იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე“.

გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები და სავარაუდოდ როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი - ამის შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს. დამატებითი ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ 16 დეკემბერს ვერც ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებში მიიღო.

*** დღის ბოლოს რადიო თავისუფლებას „ლელოდან“ შეატყობინეს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს პარტიის ოთხივე დეპუტატმა მიმართა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG