Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერმა თვალჭრელიძის ქუჩაზე დანგრეული ნაგებობების პატრონების ქონებაზე ისაუბრა - ასე მოიქცა ის აფრიკის დასახლების შემთხვევაშიც


დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე უკანონო ნაგებობების დემონტაჟზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა და თქვა, რომ "დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით." ის გამოეხმაურა დღეს დილას, გამთენიისას, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობების დემონტაჟს, რომლის მეპატრონეებიც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 18 დეკემბერს გააფრთხილა და 4 დღიანი ვადა მისცა შენობების დასაშლელად. კახა კალაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე უკანანო მშენებლობების უკან მდგარი ადამიანების ნაწილს აქვს დევნილის სტატუსი და ფლობენ სახლებს და მიწის ნაკვეთებს როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ. დედაქალაქის მერმა ჩამოთვალა 5 ადამიანის და მათი ოჯახის წევრების ქონება და აღნიშნა, რომ ის მოქალაქეები, ვისაც მართლა არ აქვთ არანაირი საცხოვრებელი, გამგეობები მზად არიან უზრუნველყონ ბინის ქირით.

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე უკანონო ნაგებობების მეპატრონეების ქონებაზე საუბარი პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისის მერი იმაზე ხაზგასასმელად, რომ ადამიანები სახელმწიფოს კუთვნილ მიწას გამოუვალი მდგომარეობის გამო იტაცებენ და იქ კუსტარულ ნაგებობებს ღამის გასათევის არარსებობის გამო აკეთებენ, სიმართლეს არ შეესაბამება, საუბრობს მოქალაქეების სხვა ქონებაზე. ასე მოიქცა კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მდებარე შენობების დემონტაჟის შემდეგაც.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ამგვარი ინფორმაცია არა ნაგებობების დანგრევის შემდეგ, არამედ მანამდე უნდა არსებობდეს და რომ რეგიონებში არსებული მიწის ნაკვეთი ან ოჯახის წევრზე გაფორმებული სახლი არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ადამიანს იქ ცხოვრება და თავის რჩენა შეუძლია.

“ვიღაცას რომ რომელღაცა სოფელში აქვს მიწა, ეს რამეს ცვლის საბინაო პოლიტიკის მხრივ? იქ აქვს სახლი, არ აქვს? რატომ ჩამოვიდა, იმიტომ ხომ არა რომ სამუშაო იქ ვერ იშოვა? ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო შესწავლილი მანამდე და პოსტფაქტუმ არ უნდა კეთდებოდეს ასეთი განცხადებები იმაზე მინიშნებად, რომ აქ ვინმე დალხენილი ცხოვრებისთვის მოდის”- უთხრა რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მერაბ ქართველიშვილმა აფრიკაში სახლების დანგრევის შემდეგ მერის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ადარებდნენ ერთმანეთს სიკეთეებს და საბოლოო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებსი სასიკეთოდ უნდა იქნას მიღებული, მერიამ კი ყოველი ცალკეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს და შესაბამისი გადაჭრის გზები იპოვოს კონკრეტული შემთხვევებისთვის.

23 დეკემბერს დედაქალაქის მერმა თვალჭრელიძის ქუჩაზე დანგრეული უკანონო მშენებლობების შესახებ საუბრისას თქვა, რომ იქ დევნილის სტატუსის მქონე პირების გარდა, სხვა ადამიანების კავშირიც გამოიკვეთა და მათ შორის ერთი მერიის თანამშრომელი იყო.

იმ 5 მოქალაქის ქონება კი, ვისაც თვალჭრელიძის ქუჩაზე გამთენიისას უკანონოდ აგებული საცხოვრებლები დაუნგრიეს, კახა კალაძის თქმით, ასე გამოიყურება.

"ლ.ფ.-ს , რომელსაც აქვს დევნილის სტატუსი, 2016 წელს "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ შეუძინა სახლი წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში და გადასცა საჩუქრად. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2011 წლის აპრილის თვეში დაკმაყოფილებული იქნა მისი განცხადება თბილისში, ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე მას სარგებლობაში არსებული 654 კვადრატულ მიწაზე დარეგისტრირების შესახებ. ამის შემდეგ მან ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მიყჰიდა ლ.ჭ- ს, რომელიც სავარაუდოდ მისი მეუღლის დის შვილია.

ე.ფ.-ს დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში 2012 წლიდან, ასევე ფლობს სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონში სოფელ ჩქვალერში, მისი მეუღლე ფლობს 568 მიწის ნაკვეთს იგოეთის ქუჩაზე. ე.ფ-მ საკუთრებაში არსებული ბინა გადასცა მამას. იგი 2019 წელს "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა სახლით სამგორში, შუამთის ქუჩაზე. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორში, შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა.

გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით. მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ. საცხოვრებელი ფართი შუამთის ქუჩაზე.

ტ. წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, მაგრამ მისი მეუღლის საკუთრებაში დარეგისტრირებულია სახლი ჭიათურაში და 3 დიდი ფართობის მიწა.

ზ.ტ. რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში, მას უფიქსირდება შინდისში 600 კვ. მიწის გაყიდვის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში. ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში შინდისში 3 000 კვ.მ. მიწის რეგისტრაციის შესახებ."

დღეს დილით, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია 7 ნაგებობა, რომელიც მერიის ინფორმაციით, უკანონოდ აშენდა.5 მათგანი დაუსრულებელი იყო, 2 კი თითქმის დასრულებული.

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, 7 უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟისთვის მეპატრონეებს 4 დღეს აძლევს და წინააღმდეგ შემთხვევაში დემონტაჟს თავად დაიწყებს.

15 დეკემბერს, თბილისის მერიის სამსახურებმა 10-ზე მეტი უკანონო ნაგებობა დაანგრიეს სამგორის რაიონში, "აფრიკის დასახლებაშიც", რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG