Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირის გამგეობა საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე 27 დეკემბერს იმსჯელებს


საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მორიგი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება. მასზე გადაწყდება, მართლა გაიმართება თუ არა 30 დეკემბერს კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ქართული რაგბის მმართველმა ორგანომ გასულ კვირაში ოფიციალურად დააანონსა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ირაკლი აბუსერიძე და კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ლაშა (ბაჩო) ხურციძე.

სვანიძემ და აბუსერიძემ „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ არჩევნების გადადების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე დღეს გამართულ გამგეობის სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მიუწვევიათ, მაგრამ „ბაზასთან“ ორივე კანდიდატი მხარდამჭერთა ამალით მივიდა. სწორედ მათ თანმხლებთაგან გაჟღერდა, რომ საგანგებოდ და ჩუმად ჩანიშნული სხდომის ამოცანა არჩევნების ჩაშლა იყო. ეს გადაწყვეტილება კი იმ კანდიდატის წისქვილზე დაასხამდა წყალს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვს.

ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე გამგეობის სხდომაზე დაგვიანებით მაინც შეუშვეს. მათ დარბაზში შესაყვანად, ბაზის შესასვლელ კართან რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გოგებაშვილი გამოვიდა.

მას-მედიისთვის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, აბუსერიძემ და სვანიძემ გვითხრეს, რომ გამგეობის სხდომა ორიოდ დღეში კიდევ ერთხელ შეიკრიბება, 30 დეკემბრის საარჩევნო ყრილობაზე სასაუბროდ. ორივე კანდიდატი დარწმუნებულია, რომ არაფერი შეიცვლება და ხუთ დღეში ქართულ რაგბის არჩეული პრეზიდენტი ეყოლება. მესამე კანდიდატის - ხურციძის განცხადებით კი, არჩევნების ჩატარებამდე სამართლიანად და მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომელ დელეგატებს ექნებათ ხმის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG