Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კახიშვილი: თუ ბანკები შეღავათებზე არ იფიქრებენ, ეკონომიკას და ქვეყანას დაანგრევენ


პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრი, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა. მათ საბანკო ვალდებულებებზე მმართველი პარტიის წევრმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ? თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ სჯობს, დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და გააკოტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში მერე ვეღარ აღდგეს", - განაცხდა კახა კახიშვილმა.

მას პარლამენტშივე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა. მისი თქმით, ბანკებმა პანდემიის პირობებში შეღავათები დაუწესეს არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ მოქალაქეებსაც.

"პირველი და მეორე ტალღის პერიოდში ბანკებმა სერიოზული სოლიდარობა აჩვენეს. მე თვითონ ვარ ამის მომსწრე. გადაუვადეს ფიზიკურ პირებს და ბიზნესაც შეეხიდნენ... მე მგონი, რაც მე გამოცდილება მქონია, ამ ნაწილში ჩვენს საბანკო სისტემას საყვედური არ ეთქმით, გააზრებული აქვთ. დღეს შეიძლება არ გამოეკიდონ მოგებას, მაგრამ ფინანსური მდგრადობა და მათი კლიენტების გრძელვადიანი სიმყარე მათთვის მნიშვნელოვანია", - თქვა მინისტრმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი მთავრობის მოთხოვნით დაიხურა. კომპანიას, რომელიც მუშაობას არ შეწყვეტს, 10 ათასი ლარით აჯარიმებენ. ამ პერიოდში კომპანიებს უწევთ საბანკო ვალდებულებების გადახდა და თანამშრომლების შენარჩუნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG