Accessibility links

site logo site logo

ტექნოლოგიის ტენდენციები, რომლებისთვისაც თვალია მისადევნებელი 2021 წელს


ავტორი: რიდ სტენდიში

2021 წელს ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის განმსაზღვრელი იქნება ტენდენციები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩამოყალიბდა.

პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი - ვაჭრობა, სამუშაო თუ დასვენება. ამას 2021 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ტექნოლოგიის განვითარებისთვის.

ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ახალმა კორონავირუსმა მთელი დედამიწის მოსახლეობას შეუცვალა მომავალი.

ეს სწრაფი ცვლილებები 2021 წელსაც გაგრძელდება. პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა ტექნოლოგიის მრავალი ტენდენცია, რომელიც უკვე არსებობდა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა პანდემიის ცვალებადი რეალობის საპასუხოდ ახალი ტექნოლოგიური პრაქტიკების გავრცელებამ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და ვაჭრობა.

„უკანასკნელი მონაცემები აჩვენებს, რომ რამდენიმე თვეში ხუთწლიანი ნახტომი გავაკეთეთ ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნესის დონეზე,“ წერდა მაისში საკონსულტაციო კომპანია McKinsey.

სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები უცებ აღმოჩნდნენ მომავალ დროში, რომელშიც საკმარისად არის უარყოფითი ტენდენციებიც - ინტერნეტში დეზინფორმაციის სიჭარბიდან ავტომატიზაციამდე, რომელიც უმუშევრობის ზრდის საფრთხეს შეიცავს.

ინფოდემია

ნოემბერში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა გამოუშვეს COVID-19-ის ვაქცინა. მაგრამ საინტერესოა, რომ ზოგში ამ ინფორმაციამ პარანოია გამოიწვია.

ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ გლობალური ვაქცინაციის მოლოდინმა ინტერნეტში დრამატულად გაზარდა მცდარი და გაყალბებული ინფორმაციის ნაკადი - კორონავირუსის ფსევდომეცნიერული აღწერიდან კონსპიროლოგიურ თეორიებამდე, მისი აღმოცენებისა და ვაქცინაციის ეფექტიანობის თაობაზე.

ახლახან Gallup-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ში ვაქცინაციისთვის მზად არის მოსახლეობის 58%, საფრანგეთში - მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი.

რუსეთში ვაქცინის მიმართ ეჭვები დამატებით იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ხელისუფლებამ ფართოდ დაიწყო ვაქცინა Sputnik V-ს გამოყენება მისი გამოცდის მესამე ფაზის დასრულებამდე. დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის, „ლევადა ცენტრის“ მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეთა 61% არ ენდობა კორონავირუსთან დაკავშირებულ ოფიციალურ სტატისტიკას და 58% არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას.

„პანდემიისა და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში სოცქსელებში პირველად დაიწყეს ინფორმაციის მარკირება, რათა მასში ორიენტაციაში დაეხმარონ მომხმარებელს.“ ამბობს დელფინ ჰარგანდ-მიშრა The Signals Network-ის აღმასრულებელი დირექტორი და ინფოდემიის თემაზე მთავარი მომხსენებელი „ინფორმაციისა და დემოკრატიის შესახებ ფორუმზე“.

ინტერნეტში არასარწმუნო და ყალბი ინფორმაციის ზრდა უფრო შესამჩნევი გახდა უკანასკნელ წლებში, ამასთან ტყუილი სიმართლეზე უფრო სწრაფად ვრცელდება და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებსა და მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ამის თაობაზე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნები, რომ ონლაინ პლატფორმებმა გააუმჯობესონ კონტენტის მოდერირება, მთავრობებმა კი უფრო მეტი რეგულირება მოახდინონ სოცქსელებისა, სადაც მიმდინარეობს დისკუსიების უდიდესი ნაწილი.

დეკემბერში Facebook-ს სასამართლოში უჩივლეს აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ და ათობით შტატის გენერალურმა პროკურორებმა, რამაც შესაძლოა ამ ტექნოლოგიური გიგანტის გახლეჩა გამოიწვიოს. ევროკომისიამ წარადგინა კანონი ციფრული სერვისების შესახებ, რომელიც ასევე მიზნად ისახავს მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციების რეგულირების გაძლიერებას და ონლაინ კონტენტის მოდერირების წესების ჩამოყალიბებას.

„2021 წელს საინტერნეტო პლატფორმებზე სერიოზული რეგულირების მოწმე გავხდებით ატლანტიკის ორივე მხარეს,“ მიაჩნია ჰარგანდ-მიშრას.

კიბერსპორტის პოპულარობა იზრდება

დედამიწის მოსახლეობის ერთი მეოთხედი თამაშობს ვიდეოთამაშებს და დღეს ეს უკვე აღარაა მხოლოდ გართობა. თამაშები გახდა უფრო სოციალური, უფრო კონკურენტული და მიიჩნევა, რომ ისინი უფრო და უფრო მეტად ხდის დამოკიდებულს. ახლა ეს უკვე კულტურის ფენომენი და საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია.

კიბერსპორტის ბაზრის დინამიკა შესაძლებელს ხდის ვივარაუდოთ, რომ 2023 წლისთვის ის 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. დარგის ლიდერები ვარაუდობენ, რომ პანდემიის შედეგად გაიზრდება აუდიტორია და გაყიდვების მოცულობა.

მარტის ბოლოს, ლოკდაუნის დროს, პლატფორმა Steam-ზე ერთდროულად მოთამაშეთა რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებელს, 25 მილიონს მიაღწია. კომპანია Nintendo-ს აქციები 45%-ით გაიზარდა, სტრიმინგის პოპულარული სერვისის, Twitch-ის ტრეფიკმა კი მარტიდან აპრილამდე 50%-ით მოიმატა. საერთაშორისო საკონსტულტაციაო სააგენტო Deloitte-ის თანახმად, ამერიკელ მომხმარებელთა მესამედი პირველად პანდემიის დროს „გაწევრიანდა ვიდეო- და სხვა თამაშების სერვისებზე, ან უყურა კიბერ- ან ვირტუალურ სპორტულ ღონისძიებებს“.

ისეთი მსხვილი პლატფორმების ზრდის წყალობით, როგორებიცაა Fortnite-ი და League Of Legends-ი, კიბერსპორტის აუდიტორია გაიზარდა, რასაც ამ დარგში ინვეტიციების ზრდაც მოჰყვა. ამჟამად მასში მთელი პლანეტის მასშტაბით, გარდა აფრიკისა, მოქმედებს 12 პროფესიონალური ლიგა, 120 გუნდი და 1000-ზე მეტი პროფესიონალი მოთამაშე. ეს რიცხვები იზრდება და დარგმა შეიძლება უახლოეს მომავალში კონკურენცია გაუწიოს ჩვეულებრივ სპორტს.

5G-ის ტალღები

ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას, რაც ინტერნეტის სიჩქარესა და დაფარვის არეს ზრდის, ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სიახლეების ტალღა. ტექნოლოგია 3G-მ მობილურ ტელეფონებს სრულფასოვანი ინტერნეტი მოუტანა, 4G-მ - ვიდეოსტრიმინგისა და მუსიკალური პლატფორმების ზრდა. ასევე ახალ შესაძლებლობებს მოიტანს 5G.

5G-ს შექმნიდან თითქმის ათი წელი გავიდა და ახლა მობილური ინტერნეტი მანამდე წარმოუდგენელი სისწრაფით შეძლებს მუშაობას. ამას მოჰყვება ახალი ტექნოლოგიური ტრენდები - დაწყებული პროგრამებით, რომლებიც თავად სწავლობენ, დამთავრებული გაზრდილი ავტომატიზაციითა და ვირტუალური რეალობით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკის ყველა დარგზე. ის შეიძლება საფუძველი გახდეს მომავლის ციფრული ეკონომიკისა - კიბერმედიცინით დაწყებული და ნივთების ინტერნეტით დამთავრებული (ეს პოტენციურად მრავალმილიარდიანი ბაზარია).

„5G გვთავაზობს განსაცვიფრებელ შესაძლებლობებს, რომლებიც ჯერ მხოლოდ კონტურების დონეზე ჩანს,“ ამბობს ელსა კანია, „ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის“ ტექნოლოგიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის წევრი. „კერძოდ, როგორც პანდემიის დროს ვნახეთ, ინტერნეტის წვდომას საკვანძო მნიშვნელობის გავლენა აქვს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.“

ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტი Huawei მსოფლიო ლიდერია 5G-ის ქსელების განვითარებაში. პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე აშშ-მა Huawei-ის წინააღმდეგ გლობალური კამპანია წამოიწყო და კომპანია შავ სიაში შეიტანა როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველი. ეს გადაწყვეტილება ემყარება ეჭვს, რომ Huawei ჩინეთის ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობს. 5G-ის ქსელების განვითარება, როგორც ჩანს, 2021 წელსაც გაგრძელდება და ექსპერტები ითხოვენ, მეტი ყურადღება დაეთმოს ჩინური კომპანიის კონკურენტებს - Ericsson-სა და Nokia-ს.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიის ახალი თაობის მნიშვნელობა აღიარებულ იქნება და ეს გამოიწვევს შემდგომ ინვესტიციებს ამერიკის ციფრული ინფრასტრუქტურის კვლევასა და განვითარებაში,“ ამბობს კანია.

სულ უფრო შორიდან მუშაობა

შრომის გაციფრულებამ გამოიწვია შრომის ბაზარზე დისტანციური მუშაობის წილის გაზრდა, მაგრამ პანდემიამ ძალიან დააჩქარა ეს პროცესი.

საკარანტინო შეზღუდვების შედეგად ევროპასა და ამერიკაში დაიხურა ოფისები. ვიდეოკავშირით მოლაპარაკებები ნორმად იქცა. IT-ის სფეროს საკონსულტაციო კომპანია Gartner-ის შეფასებით, 2023 წლის ბოლოსთვის დისტანციურად იმუშავებს ორგანიზაციების 40%-მდე, ვინაიდან ეს ტენდენცია არა იმდენად პანდემიასთან არის დაკავშირებული, რამდენადაც ოფისების შენახვის ხარჯების შემცირებასთან.

ბევრი ქვეყანა, რომელმაც ტურისტების რაოდენობის შემცირებით იზარალა პანდემიის დროს, ახლა ცდილობს მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი „ციფრული მომთაბარე“, ვისაც შორიდან მუშაობა შეუძლია და, შესაბამისად, უფრო თავისუფალია საცხოვრებელი ქვეყნის შერჩევაში.

საქართველო, ესტონეთი, ბარბადოსი და ბაჰამის კუნძულები დისტანციური მუშაობით დაინტერესებულთა მიზიდვას ცდილობენ სხვადასხვა სახის შეღავათებით, როგორებიცაა, მაგალითად, დაბალი გადასახადები ან იაფი საცხოვრებელი.

კაპიტალმა კოსმოსს მიაღწია

2020 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა კოსმოსში კერძო ფრენის სფეროში. მაისში კომპანია SpaceX-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ადამიანის ჩაყვანა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მაგრამ ეს დიდი ძვრების მხოლოდ პირველი მერცხალია: სულ უფრო მეტი კომპანია იბრძვის იმისთვის, რომ კოსმოსური ფრენა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს.

კომერციული კომპანიები კოსმოსურ პროგრამაში მისი ჩასახვის დღიდან მონაწილეობენ, მაგრამ მათი როლი არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი. ყველაზე უფრო სახელმოხვეჭილია კომპანია SpaceX-ი, რომელმაც სიახლე შემოიტანა იმით, რომ მრავალჯერადი ხმარების მზიდ რაკეტებს იყენებს. მაგრამ ის არ არის ერთადერთი. კომპანიები Blue Origin-ი და Virgin Galactic-იც თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებებთან კოსმოსური ტურიზმის და არც ისე შორეულ მომავალში მთვარეზე გაფრენების ორგანიზების მიზნით. კომპანია Boeing-ი მუშაობს კოსმოსურ ხომალ Starliner-ზე, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე 2021 წელს უნდა ჩაიყვანოს კოსმონავტები.

ათ ქვეყანაზე მეტს უკვე შესწევს ძალა, რაკეტები გაუშვას დედამიწის მახლობელ ორბიტაზე და მათ კოსმოსური ამბიციებიც საკმარისად მოეპოვებათ. ასე რომ, კერძო კოსმოსური კომპანიების კლიენტთა რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება.

„საქმე ეხება პარტნიორობის გაღრმავებას,“ ამბობს ფლორიდის კოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ფიზიკის პროფესორი ჯოშუა კოლუელი. „ჯერჯერობით კოსმოსში რაკეტებს ძირითადად სახელმწიფოები აგზავნიან, მაგრამ კერძო კომპანიები საკუთარ კლიენტებს მთავრობებს შორისაც გამონახავენ და კერძო სექტორშიც“.

კოსმოსური ფრენების გაზრდა არა მხოლოდო შესაძლებლობებს შეიცავს, არამედ საფრთხეებსაც. „ხომ არ გამოიწვევს მრავალი ახალი მოთამაშის გამოჩენა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძოსი, მოულოდნელ შედეგებს?“ - კითხულობს კოლუელი. „არ ვარ დარწმუნებული, რომ ყოველივე ეს კარგადაა მოფიქრებული. ამ სფეროს მარეგულირებელი მექანიზმები კი ძალზე მცირეა.“

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG