Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამცირებს თანამშრომლობას ქართულ კომპანიებთან, რომლებიც HUAWEI-ს ტექნოლოგიებს იყენებენ


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წყვეტს ან ამცირებს თანამშრომლობას იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ჩინური გიგანტის, HUAWEI-ს ტექნოლოგიებით სარგებლობენ.

ერთ წელზე მეტია, რაც “ჰუავეი” აშშ-ში სანქციების ქვეშაა. ვაშინგტონმა კომპანია ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 13 აგვისტოს შემდეგ, საელჩო ქართულ კომპანიებს ატყობინებს, რომ ამერიკის მთავრობის მითითებით და შტატების კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია, დაუკავშირდეს ყველა კომპანიას, რომელთანაც ფინანსური კავშირი აქვს და სპეციალური კითხვარის შევსება სთხოვოს.

კითხვარი არკვევს, სარგებლობენ თუ არა ორგანიზაციები ჩინური ფირმების - Huawei, ZTE, Hikvision, Dahua, და Hytera, ან მათთან ასოცირებული კომპანიების ტელეკომუნიკაციების მოწყობილობებით, ან ვიდეოსამეთვალყურეო აპარატურით.

საელჩოს მიერ ქართული კომპანიისთვის გაგზავნილი კითხვარი (პირველი გვერდი).
საელჩოს მიერ ქართული კომპანიისთვის გაგზავნილი კითხვარი (პირველი გვერდი).

ამავე კითხვარში საელჩო კომპანიებს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწოდონ სია ჩინური კომპანიების წარმოებული იმ აპარატურისა, რომელსაც ეს კომპანიები იყენებენ. საელჩო, ასევე, ინტერესდება, გეგმავს თუ არა კომპანია აპარატურის სარგებლობიდან ამოღებას 2022 წლამდე.

“დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღე ანკეტა. ჩემს კომპანიას ოფისი არ აქვს. სახლში კი ვიყენებ “სილქნეტის” ინტერნეტს, რომელსაც აქვს “ჰუავეის” Wi-Fi-ის როუტერი”, - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიის ტექნიკას იყენებს როგორც კერძო პირი, საელჩომ მაინც სთხოვა ანკეტის შევსება.

ტექნოლოგიური ცივი ომი

“ჰუავეი” სმარტფონების ყველაზე დიდი რეალიზატორია მსოფლიოში - 55,8 მილიონი გაყიდული მობილური ტელეფონით, კომპანიამ პირველად გაუსწრო სამხრეთკორეულ SAMSUNG-ს. “ჰუავეის” წლიურმა ბრუნვამ, გასულ წელს, 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, ასევე, ტელეკომუნიკაციების მოწყობილობების, მათ შორის, მეხუთე თაობის ინტერნეტის ტექნოლოგიების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში.

მიმდინარე წლის ივლისში, დიდ ბრიტანეთში მობილურ ოპერატორებს აეკრძალათ “ჰუავეის” ახალი, 5G-ის მოწყობილობების შესყიდვა. მათ ასევე დაევალათ, ამოიღონ ჩინური ფირმის ყველა ტექნოლოგია საკუთარი ქსელებიდან 2027 წლამდე. გადაწყვეტილება ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიიღო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, აშშ-ის სანქციების შემდეგ.

“5G იქნება გარდამქმნელი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით ქსელის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და გამძლეობაში”, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ციფრულმა მდივანმა, ოლივერ დოუდენმა.

2017 წელს, ჩინეთმა მიიღო ეროვნული დაზვერვის კანონი, რომელიც ყველა ჩინურ კომპანიასა და მოქალაქეს ავალდებულებს, მიმართვის შემთხვევაში, დაეხმარონ მთავრობას ეროვნული დაზვერვის საკითხებში.

შტატები ამტკიცებს, რომ ამ რეგულაციით, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს “ჰუავეი” და მისი 5G მოწყობილობები ჯაშუშობისთვის. ამერიკა, ასევე, “ჰუავეის” დამფუძნებლის სამხედრო წარსულზე მიუთითებს, რომელმაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაში 9 წელი გაატარა და ახლა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია.

ამასთან, “ჰუავეი” აცხადებს, რომ მისთვის არასდროს უთხოვიათ ჯაშუშობა და რომც ეთხოვათ, ასეთ მითითებას “კატეგორიულად არ დაემორჩილებოდა”.

ვაშინგტონმა ამერიკულ კომპანიებს აუკრძალა “ჰუავეისთან” თანამშრომლობა. 2019 წლის მაისის შემდეგ, ამერიკულ კომპანიებს არ შეუძლიათ მიჰყიდონ ტექნოლოგია ჩინურ კომპანიას. სანქციების გამო, Google-მა “ჰუავეის” ანდროიდის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა, ახალი დიზაინის მობილურ ტელეფონებს კი არ აქვთ წვდომა აპლიკაციებზე, როგორიცაა Google Maps და YouTube.

ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, The New York Times-ის ცნობით, აშშ-მა კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები და ახალი სანქციები დაუწესა “ჰუავეის”. ახალი ზომებით, რომლებიც ძალაში სექტემბრიდან შევიდა, “ჰუავეის” და მის მიმწოდებლებს არ შეუძლიათ ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება “ჰუავეის” პროდუქტებისთვის.

აშშ ელის საკუთარი მოკავშირეებისგან, რომ დაბლოკავენ “ჰუავეის” 5G ქსელებისგან. ცენტრალურ ევროპაში უკანასკნელი ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან თანამშრომლობაზე. ერთი მხრივ, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, სლოვენია შეუერთდა დეკლარაციას 5G-ის სფეროში, ჩინეთის და “ჰუავეის” მზარდი გავლენის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ყოფილი იუგოსლავიის კიდევ ერთი რესპუბლიკა, სერბეთი აფართოებს ურთიერთობებს ჩინეთთან ეკონომიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში.

“ჰუავეი” საქართველოში

საქართველოში “ჰუავეი” 20 წელზე მეტია საქმიანობს და ტელეკომუნიკაციების ყველა ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობს.

“ჰუავეის” წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან ელექტრონულ მიმოწერაში აცხადებს, რომ საქართველოში, ჩინური ბრენდის სმარტფონების წილი დაახლოებით 9-10%-ია. ჩინური კომპანიის ტექნიკით სარგებლობენ სახელმწიფო უწყებებშიც. მაგალითად, “ჰუავეის” ფირმის 200 პლანშეტს იყენებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

გაცილებით დიდია “ჰუავეის” როლი საკომუნიკაციო და მობილური ქსელების შექმნაში. “თბილისი ჰუავეის” გენერალურო მენეჯერი, ლიანგ დონგბო “ფორბსთან” 2017 წლის ინტერვიუში ამბობს, რომ ქსელების 75%-მდე “ჰუავეის” შექმნილია.

10 წელზე მეტია, ჩინური “ჰუავეი” ქართული “სილქნეტის” პარტნიორია. კომპანიაში ამბობენ, რომ ჩინური ფირმა ძირითადად 4.5G ინტერნეტის ქსელზე მუშაობდა. სილქნეტმა, ასევე, “ჰუავეისთან” თანამშრომლობით, დანერგა 5G-ის წინამორბედი, 4.9G ტექნოლოგიები. 4.9G - რომლის სიჩქარეც 7-ჯერ აღემატება მთელ საქართველოში მოქმედ 4.5G ინტერნეტს - თბილისსა და ბათუმშია დანერგილი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოსგან “ჰუავეისთან” თანამშრომლობაზე ანკეტა მიიღო “სილქნეტმაც“, თუმცა კომპანიაში დეტალებზე არ საუბრობენ.

კომპანია “მაგთიკომში” რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხეს.

საქართველოში მეხუთე თაობის ინტერნეტის კომერციულ გაშვებას ქართული ტელეკომუნიკაციების კომპანიები ჯერჯერობით არ აპირებენ.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG