Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალავერდში სასულიერო პირებსა და მრევლს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ


შობის სადღესასწაულო მსახურებამდე ალავერდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და სტიქაროსნებს კორონავირუსზე სწრაფი ტესტით ამოწმებენ.

სურვილის შემთხვევაში, ტესტირების გავლა მონასტერში მისულ მრევლსაც შეუძლია. თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები დილიდან ადგილზე მუშაობენ.

მღვდელ-მონაზვნები უსაფრთხოების მიზნით ტესტირებას ნებაყოფლობით გადიან.

“ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ამიტომ მივიღეთ შემოთავაზება ჯანდაცვის ცენტრიდან, დავთანმდით და ეპარქიაში მყოფი ყველა ადამიანი ნებაყოფლობით იტარებს ტესტირებას“, – აღნიშნა მონაზონმა დედა მარიამმა (ტოროშელიძემ).

ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის (მახარაძე) გადაწყვეტილებით, პანდემიის ფონზე საშობაო ალილო მრევლის გარეშე ჩატარდება.

მეუფე დავითის განმარტებით, მსვლელობაში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიიღებენ. ტაძარში მისულ მრევლს კი აზიარებენ.

"ვინც მოვა ტაძარში, ალბათ ყველას ექნება ზიარებაზე კურთხევა, მანამდე კი ტესტირება ჩაუტარდება მრევლსაც, თუ ექნებათ ამის სურვილი, ასევე სტიქაროსნებს. ხოლო სასულიერო პირებს ყველას აქვს ტესტის გაკეთების ლოცვა-კურთხევა. მათი პირადი გადაწყვეტილებით, ამას შეასრულებენ", – განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა.

ალავერდის ტაძარში შობის სადღესასწაულო მსახურება 23:00 საათზე დაიწყება.

7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. წლების განმავლობაში ამ დღეს ტრადიციულად საშობაო ალილო იმართებოდა. წელს პანდემიის გამო შეცვლილი ტრადიციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG