Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს რაინდის წოდება მიენიჭა


საქართველოს უმდიდრეს კაცს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო Légion d'honneur (ღირსების ლეგიონი) გადასცეს.

ლენტი წითელია. სამკერდე ხუთქიმიანი მალტის ვარსკვლავია, რომელიც მუხისა და დაფნის გვირგვინზე ჰკიდია. ავერსზე გამოსახულია რესპუბლიკა, უკანა მხარეს კი ორი სამფეროვანი დროშა, რომელსაც გარს არტყამს დევიზი „Honneur et Patrie“ - პატივი და სამშობლო.
ლენტი წითელია. სამკერდე ხუთქიმიანი მალტის ვარსკვლავია, რომელიც მუხისა და დაფნის გვირგვინზე ჰკიდია. ავერსზე გამოსახულია რესპუბლიკა, უკანა მხარეს კი ორი სამფეროვანი დროშა, რომელსაც გარს არტყამს დევიზი „Honneur et Patrie“ - პატივი და სამშობლო.

წელს ორდენით 1 229 ადამიანი დააჯილდოვეს, რომელთა უმრავლესობა (63%) კოვიდ 19-ისა და ჯანმრთელობის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის შეარჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის, საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. 2018 წლის ცნობებით, ივანიშვილი საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეობას ფლობს.

ღირსების ლეგიონში კანდიდატებს საფრანგეთის მთავრობის მინისტრები ასახელებენ. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. ივანიშვილმა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელით, რაინდის წოდება მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს ჯილდოს მიღება ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა, ახლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა ტვიტერზე, ფრანგულ ენაზე.

„გილოცავთ და მოგესალმებით საპატიო ლეგიონის რიგებში. ამრიგად, აღიარებულია თქვენი კონტრიბუცია დემოკრატიულ განვითარებაში, საფრანგეთისა და საქართველოს დროშების დაკავშირებაში, თქვენი პატრონაჟი და ფრანგული სკოლის დაარსებაში თბილისში“, - წერს პრეზიდენტი.

ღირსების ლეგიონის ჯილდო 2 საუკუნის განმავლობაში საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის სახელით გაიცემა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ჯილდო მიღებული აქვთ, მათ შორის, აზერბაიჯანის პირველ ლედის და ვიცე-პრეზიდენტს, მეჰრიბან ალიევას, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

ჯილდოს შესახებ

ღირსების ლეგიონი 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ დააარსა და დღემდე საფრანგეთის უმაღლეს ჯილდოდ ითვლება. ორდენის შემოღების შემდეგ, ის დაახლოებით მილიონ მოქალაქეს გადაეცა.

დღეს ლეგიონს 92 000 წევრი ჰყავს. ყოველწლიურად აჯილდოვებენ მაქსიმუმ 2800 ადამიანს, სამხედრო ან სამოქალაქო სფეროებიდან. 320-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაძლოა დაჯილდოვეს ყოველწლიურად. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჯილდოს გადასცემენ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუძღვით წვლილი ფრანგული კულტურისა და ეკონომიკის წინაშე, ან მხარი დაუჭერიათ ფრანგული ღირებულებებისთვის, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება.

ღირსების ლეგიონი არ ითვალისწინებს რაიმე მატერიალურ თუ ფინანსურ ბენეფიტებს.

კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმებით არჩევენ:

  • მომსახურების გამორჩეულობა: მომსახურების ხარისხის, ქმედებების ან მოთხოვნადი და გაზომვადი ვალდებულებების ჩვენების უნარი;
  • საერთო სარგებელი: ემსახურებოდა ერის კეთილდღეობას და არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს (სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების განვითარება, არაფინანსური, ტექნოლოგიური ან სამედიცინო ინოვაციების მხარდაჭერა, მხატვრული შემოქმედება);
  • საზოგადოების ცოდნა ღვაწლის შესახებ: აღიარება მისი დამსახურებების, სამოქალაქო ჩართულობის მისაბაძი მაგალითი თანამოქალაქეებისთვის;
  • სტაჟის ხანგრძლივობა: საპატიო ლეგიონის ორდენის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 20 წლიანი საქმიანობა.

მეორე მსოფლიო ომის დროს 200 000 ადამიანს მიანიჭეს ჯილდო, საიდანაც 60 000 სამოქალაქო პირი იყო.

1851 წლის აგვისტოში ჯილდო პირველად გადაეცა ქალს, მარი-ანჟელიკ ბრულონს, რომელსაც რაინდის ხარისხი მიენიჭა რევოლუციის დროს მისი სამხედრო სამსახურისთვის.

ორდენი ხუთ ხარისხად იყოფა - რაინდი, ოფიცერი, მეთაური, გრანდ ოფიცერი, გრანდ ჯვარი.

ორდენი შეიძლება ჩამოერთვას ადამიანს დანაშაულებრივი ქმედების, ან უღირსი საქციელის ჩადენის გამო, რომელმაც საფრანგეთის ინტერესები შეიძლება დააზიანოს.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG