Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვალთვალისა და ზეწოლის მიუხედავად,  ცხინვალში საპროტესტო აქცია გრძელდება


მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია ცხინვალში
მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია ცხინვალში

40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ცხინვალში ძალოვანთა მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრებმა უწყვეტი საპროტესტო აქცია წამოიწყეს. ჯაბიევის დედა და ცოლი ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებას მოითხოვენ. 40 დღეა, ისინი ქუჩაში დგანან და იქიდან სახლში წასვლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. ჯაბიევების ოჯახის ადვოკატი, დიანა სანაკოევა, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია და ეს უჩენს ოჯახს ეჭვს, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ. ინალ ჯაბიევის ცოლი, ოქსანა სოტიევა, ამბობს, რომ, დაბრკოლებების და წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის შეწყვეტას არ აპირებს.

„ჩვენ ამ დღეებში განვიხილავთ სამოქმედო გეგმას, კიდევ ცოტა ხანს დავიცდით, იქნებ ხელისუფლებისგან წამოვიდეს რაიმე წინადადება. ჩვენ აქ ვიდგებით იმ დრომდე, ვიდრე ვითარება არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. სამართალდამცავები ყოველდღე მოდიან და თუ ცუდი ამინდი არაა, ტენტის გადაფარებას გვიკრძალავენ. თუ არ წვიმს, ტენტს ვხსნით, მაგრამ ახლა წვიმებია და ვიფარებთ ზევიდან, რადგან იქ ჯდომა შეუძლებელია, სულ სველები ვართ. ვიდეოკამერა, რომელიც გზას აფიქსირებდა, ახლა ჩვენკენ მოატრიალეს. გვითვალთვალებენ - ვინ მოდის, რამდენი მოდის და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ყოველ დილით ორი მანქანა მოდის. მზიანი ამინდის დროს, ჩაბურული მინების მიუხედავად, შიგნით ჩანს, რომ ფოტოებს და ვიდეოკადრებს გვიღებენ. ასე აკეთებენ ყოველ დილით. მიუხედავად თვალთვალის და ზეწოლისა, ადამიანები მაინც მოდიან ჩვენთან. მათაც ემუქრებიან, ქალებსაც ემუქრებიან. ნათესავების და ახლობლების პირით უთვლიან, რომ მოედანზე არ დადგნენ, მაგრამ ეს მათ ვერ აჩერებს, მაინც მოდიან და მხარს გვიჭერენ“.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელიც ჯაბიევის ოჯახის გულშემატკივარია, იხსენებს აქციის პირველ დღეებს, როცა მოედანზე სოლიდარობის გამოსახატავად მისულ ადამიანებს მილიციელები ჩხრეკდნენ:

მილიციელები გვაჩერებდნენ და გვჩხრეკდნენ. პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთების შეტანას გვიკრძალავდნენ. ომონისა და მილიციის დანაყოფებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე სცადეს ოჯახის მოედნიდან გაყვანა, წაართვეს კარვები, გადასაფარებელი ტენტები. ყინვაში გამათბობლის შეტანას უკრძალავდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ოჯახი მოედნიდან წასულიყო, მაგრამ მოკლულის ცოლისა და დედის პრინციპულობამ ყველა გააკვირვა და უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩინა. ახლა ღამით ცხინვალში ტემპერატურა -5 გრადუსამდე ეცემა. უკვე ბევრი ადამიანი განიცდის ამ ოჯახის ტრაგედიას და ამ აქციის მიმართ სოლიდარულია. ხელისუფლებაც მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. იქ რომ ვინმე მართლა გაიყინოს, ხალხი ქუჩაში გამოვა, ამიტომ ზეწოლა შეამცირეს. ეს არის ჯაბიევის ოჯახის მცირე გამარჯვება, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი ჯერ არ არის მიღწეული“.

ცხინვალში გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები არა მარტო დაღუპულის ოჯახს, არამედ იმ ადამიანებსაც აინტერესებთ, ვინც ამ ოჯახის მხარდასაჭერად ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მიდის. ბიბილოვის ხელისუფლების დუმილი და ოჯახის მოთხოვნების იგნორირება კი, მათი აზრით, ვითარებას უფრო ამწვავებს. ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ამბობს, რომ ხელისუფლების დუმილი პრობლემას არ აგვარებს.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დროს წელავს, რომ ერთხელაც ისინი (ჯაბიევები) დაიღლებიან, მთელი ცხოვრება მოედანზე ხომ არ დარჩებიან და ერთხელაც დაღლილები და იმედგაცრუებულები სახლში წავლენ. აი , ეს ნიშნავს, მიაფურთხო საკუთარ მოქალაქეებს. ესე იგი ხელისუფლებამ ყველაფერი დროს მიანდო, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ნორმალურად? პირველი - უნდა გადააყენონ პროკურორი და გაუშვან სახლში. ის არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მოხდა. ეს გლობალურ პრობლემებს ვერ წყვეტს, მაგრამ დაძაბულობის მოსახსნელად და იმისთვის, რომ ოჯახი სახლში წავიდეს და მოედანზე შეკრებილი ხალხიც წავიდეს, გასაკეთებელია. ჩემი აზრით, მოსახლეობის 80 პროცენტი ჯაბიევების ოჯახს მხარს უჭერს. დღეს უკვე ყველას ესმის, რომ თუ დღეს ეს ამბავი ჯაბიევების თავს მოხდა, ხვალ მათ და მათ ოჯახებსაც შეეხებიან“.

სოციალურ ქსელში კი ბიბილოვის მომხრეებსა და ჯაბიევის ოჯახის მხარდამჭერებს შორის საინფორმაციო ომი გაჩაღდა. დეზინფორმაციას ავრცელებენ აქციის მონაწილეების შესახებ, თითქოს მათ ქართული სპეცსამსახურები აფინანსებენ. გარდა ამისა, თავს ესხმიან დე ფაქტო პარლამენტის იმ დეპუტატებს, ვინც გასული წლის პირველი სექტემბრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

ერთი თვის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG