Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწამვლიდან ხუთი თვის შემდეგ, ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება


კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში ამ შაბათ-კვირას დაბრუნდება, მას შემდეგ, რაც თითქმის ხუთი თვე დაჰყო გერმანიაში, საწამლავით მოწამვლის მერე მკურნალობის მიზნით.

"კითხვა 'დავბრუნდე თუ არა', არასოდეს იდგა ჩემ წინაშე, რადგან მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. გერმანიაში ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში მოვხვდი. შაბათს, 17 იანვარს შინ დავბრუნდები, გამარჯვების რეისით", - წერს ნავალნი ტვიტერზე 13 იანვარს.

ნავალნი ცუდად გახდა ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე 20 აგვისტოს, ის ჯერ ხელოვნურად გამოწვეულ კომაში იყო და ციმბირის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გაგზავნეს სამკურნალოდ.

სამი ევროპული ქვეყნის ლაბორატორიებმა - ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასტურით - დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით. ამ დასკვნის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს ოფიციალურ პირს და სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნავალნის სხეულზე საწამლავის კვალი არ იყო აღმოჩენილი მის გერმანიაში გამგზავრებამდე და უარს ამბობს ინციდენტის გამოძიებაზე. ნავალნი თავის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.

გასულ თვეში რუსეთის საპატიმროთა ფედერალურმა სამსახურმა ნავალნის უთხრა, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო გერმანიიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში მას რუსეთში პატიმრობა ემუქრებოდა, 2014 წელს, გაყალბებასთან დაკავშირებული სასჯელის პირობების დარღვევის და გამომძიებლებისგან თავის არიდების გამო. ნავალნის წინააღმდეგ 2014 წლის საქმეს ბევრი აღიქვამს პოლიტიკურად მოტივირებულად.

XS
SM
MD
LG