Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუამავლები ოსური პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად


ცხინვალი
ცხინვალი

უწყვეტი საპროტესტო აქციები ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში, ბიუჯეტის გარეშე დარჩენილი დე ფაქტო რესპუბლიკა, დე ფაქტო პარლამენტის შეჩერებული მუშაობა და გაფიცული ე.წ. დეპუტატები. დაპირისპირება ბიბილოვსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის - ეს არის იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ძალოვანების მიერ მოკლული ადგილობრივი მცხოვრების, ინალ ჯაბიევის, საქმის გამოძიების შედეგად წარმოიშვა. ვითარება კი ჩიხში შედის. პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის შუამავლებად დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტები გამოდიან. ლუდვიგ ჩიბიროვმა და ლეონიდ თიბილოვმა მხარეებს მოლაპარაკების დაწყება და არსებული პრობლემების მოგვარება დიალოგის გზით შესთავაზეს.

„სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები განგაშის საფუძველს იძლევა“ - წერია განცხადებაში, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტების გარდა ხელს აწერს ყოფილი ე.წ. პარლამენტის სპიკერი, სტანისლავ კოჩიევი, და ასევე სხვა პოლიტიკოსები. განცხადებაში, რომელიც მათ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაუგზავნეს, აღნიშნულია, რომ მზად არიან შეასრულონ შუამავლის როლი, კრიზისის გადაწყვეტისა და დიალოგის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„ოთხი თვეა, არ ტარდება პარლამენტის სხდომა. ამ დრომდე ფორმირებული არ არის მთავრობის ახალი შემადგენლობა. თეატრალურ მოედანზე, თვეზე მეტია, ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არ არის მიღებული 2021 წლის ბიუჯეტი. ფაქტობრივად, საუბარი უკვე იმაზე აღარ არის, რომ ქვეყნის შიგნით შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მიმდინარეობს, არამედ საუბარია ქვეყნის საგარეო იმიჯზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენი პირობები ყველასთვის ცნობილია: გენერალური პროკურორის გადაყენება, იმისთვის რომ სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს. ჩვენ ამ პირობას არ გადავუხვევთ...
ალექსანდრ პლიევი

განცხადების ხელმომწერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დანაშაულის ობიექტური გამოძიება და ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯა.

„ყველა დამნაშავე, წარსული დამსახურებების მიუხედავად, კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, პრეზიდენტი და დეპუტატები დაპირისპირებიდან დიალოგის რეჟიმში გადავიდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოსური მედია ავრცელებს.

განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაუგზავნეს. ანატოლი ბიბილოვი ამ ინიციატივას სწრაფადვე გამოეხმაურა. ის მზადაა დე ფაქტო ექს-პრეზიდენტებს ამავე კვირაში შეხვდეს და მათთან ერთად განიხილოს მიმდინარე საკითხები. ბიბილოვმა ეს მიმართვა შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

„მინდა მადლობა ვუთხრა მათ (ექს-პრეზიდენტებს). ეს მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია. მით უმეტეს, მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ოპონენტებთან დიალოგისთვის მზად ვარ. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მართლა დაინტერესებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სტაბილურობაში და მზად არიან ხელი შეუწყონ იმას, რომ ასეთი დემარშები აღარ იყოს როგორც აღმასრულებელი, ისე, როგორც ამ შემთხვევაშია, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალელ ჟურნალისტებთან საუბარში. მანვე განმარტა, რომ ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა და ახლო მომავალში მათ პირადად შეხვდება.

„ექს-პრეზიდენტების“ მიმართვა-წერილი ოპოზიციურ პარტიებშიც მიიღეს. „სახალხო პარტიის“ ლიდერი ალექსანდრ პლიევი ამბობს, რომ დიალოგისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიციის პირობები გასათვალისწინებელია.

პოლიტიკური დაპირისპირება და კრიზისი დაიწყო ინალის მკვლელობის შემდეგ. დეპუტატების დიდი ნაწილი სწორედ ოჯახის მოთხოვნების მიხედვით მოქმედებს, ამიტომ შუამავლებმა ბიბილოვს ოჯახთან მოლაპარაკება უნდა ურჩიონ და არა დეპუტატებთან...

„ჩვენი პირობები ყველასთვის ცნობილია: გენერალური პროკურორის გადაყენება, იმისთვის რომ სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს. ჩვენ ამ პირობას არ გადავუხვევთ. რატომღაც ამბობენ, რომ ეს დეპუტატების ნაწილის მოთხოვნაა. ეს დეპუტატების ნაწილი კი არა, საკონსტიტუციო უმრავლესობაა. პრეზიდენტთან დიალოგი მაშინ შედგება, როცა გენერალური პროკურორი თანამდებობას დატოვებს“, - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო კი, სამოქალაქო აქტივისტი, აღნიშნავს, რომ ბიბილოვმა დიალოგი, პირველ რიგში, ჯაბიევის ოჯახის წევრებთან უნდა დაიწყოს და მათი მოთხოვნები შეასრულოს.

„პოლიტიკური დაპირისპირება და კრიზისი დაიწყო ინალის მკვლელობის შემდეგ. დეპუტატების დიდი ნაწილი სწორედ ოჯახის მოთხოვნების მიხედვით მოქმედებს, ამიტომ შუამავლებმა ბიბილოვს ოჯახთან მოლაპარაკება უნდა ურჩიონ და არა დეპუტატებთან. თუ ოჯახი გადაწყვეტს, რომ გამოძიება სწორად და სამართლიანად მიდის , დეპუტატებსაც აღარ ექნებათ პრეტენზია, მაგრამ ოჯახმა ბიბილოვს როგორ უნდა დაუჯეროს, როცა დროს წელავს და თვენახევრიან უწყვეტ აქციებს ყურადღებას არ აქცევს. გაიყინენ ქალები მოედანზე და პრეზიდენტი მათ ტენტის გადაფარების უფლებასაც არ აძლევდა. ამის შემდეგ ვინ დაიჯერებს, რომ მას ამ ოჯახზე გული შესტკივა? რომ მათი პრობლემების მოგვარება უნდა? არავინ დაიჯერებს. ბიბილოვს უნდა, რომ ისინი სახლში წავიდნენ, გენერალური პროკურორი დარჩეს და გამოძიება ისე წავიდეს, როგორც მის ინტერესშია, და დეპუტატებიც პარლამენტში მივიდნენ, მაგრამ ეს ასე არ გამოვა და ჯობია ის ჯერ ოჯახს დაელაპარაკოს და მერე ოპოზიციას“.

საპროტესტო აქცია ცხინვალის ცენტრში
საპროტესტო აქცია ცხინვალის ცენტრში

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

თვე-ნახევრის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG