Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკან დაბრუნებული“ პაციენტები - ანუ პოსტ-კოვიდური სინდრომი და საქართველო


„არ იყო სასიამოვნო ამ გამოკვლევის შედეგების წაკითხვა. გინდა, არ გინდა, საკუთარ თავზე იღებ და თითქოს ერთი წამით, ისევ შიში გიჩნდება“, - მეუბნება დავით ჩხიკვიშვილი, სააგენტო როიტერსის ოპერატორი, რომელმაც COVID19-ის დიაგნოზით კლინიკაში 21 დღე გაატარა. გამოწერიდან სამი დღის შემდეგ კი კვლავ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისისა და ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ, CNN-ის საიტზე წაიკითხა.

გამოკვლევის თანახმად, იმ პაციენტების დაახლოებით მესამედი, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკაში ხელმეორედ ხვდებიან. ათიდან ერთი პაციენტი კი იღუპება.

მეცნიერთა ჯგუფმა 47 780 ადამიანის (საშუალო ასაკი 65 წელი, 55% მამაკაცი) მონაცემი შეისწავლა, რომლებიც, გასული წლის 31 აგვისტომდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. პაციენტებს მკვლევრები 140 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

პოსტ-კოვიდური სინდრომი ანუ PCS ასე უწოდეს მკვლევრებმა COVID19-ის შემდგომ განვითარებულ გართულებას, რომელიც, ძირითადად, მძიმე პაციენტებში, მოგვიანებით ვლინდება. მათი მტკიცებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ. მათ შორის, იყო ინფარქტისა და დიაბეტის შემთხვევები.

მკვლევრები წერენ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან პაციენტები 70 წელს ზევით.

კლინიკაში დაბრუნებული პაციენტები

ოქტომბრის დასაწყისში, დათო ჩხიკვიშვილი მთიან ყარაბაღში, სამხედრო დაპირისპირების გასაშუქებლად გაემგზავრა. თითქმის ორი კვირა გაატარა კონფლიქტის ზონაში, სადაც უსაფრთხოების ზომების დაცვა, ნიღბით მუშაობა, ყოველთვის არ გამოსდიოდა. გადაადგილდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ფრონტის უკანა ხაზიდან წინა ხაზზე. ყარაბაღიდან გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო, რომ მისი თანამგზავრი, ბრიტანეთის მოქალაქე, კოვიდით იყო ინფიცირებული.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, 23 ოქტომბერს კი კოვიდი დაუდასტურდა.

25 ოქტომბრიდან 21 დღის განმავლობაში, დათო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მის მდგომარეობას ექიმები „ძალიან მძიმედ“ აფასებდნენ. იყო მომენტი, როდესაც, გაიფიქრა, რომ ვირუსს ვეღარ დაუძვრებოდა:

„ფილტვებზე მქონდა ურთულესი მდგომარეობა. 24-ქულიანი შეფასებიდან 18-ქულიანი შეფასება მომცეს. ნელ-ნელა პროგრესირდა ანთება. თავიდან ნორმალურად ვგრძნობდი თავს, მაგრამ სიტუაცია ყოველ დღე მძიმდებოდა. თუკი პირველ დღეებში საკუთარი ფეხით ჩავდიოდი გამოკვლევების ოთახში, ბოლოს უკვე ეტლში ჩამსვეს, ჟანგბადის ბალონი მედო მუხლებზე და ჯდომაც კი მიჭირდა. მეგონა წყალში ვიძირებოდი და თავის ამოყოფას ვერ ვახერხებდი. ეჭვი შემიჩნდა, ალბათ ვეღარ მოვბრუნდები-მეთქი. პირველი, ვისზეც გავიფიქრე, შვილები იყვნენ. თითქმის ერთი თვის უნახავები მყავდნენ, მივლინებიდან პირდაპირ კარანტინში აღმოვჩნდი, კარანტინიდან კლინიკაში“...

მკურნალობის 21-ე დღეს დათო სახლში გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო. თუმცა, სამი დღის შემდეგ, კრუნჩხვითი სიმპტომებით კვლავ კლინიკაში აღმოჩნდა.

ინფიცირებიდან თითქმის სამი თვის თავზე, დათო გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ბევრს დადის, მუშაობს, ცდილობს, მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე, თუმცა, მაინც თვლის, რომ სრულფასოვან მდგომარეობას ჯერჯერობით ვერ დაუბრუნდა.

კახას 87 წლის მამამ კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირა გაატარა ზესტაფონის კლინიკაში. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ არ აფასებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ დაავადებამ შედარებით მსუბუქ ფორმაში ჩაიარა, თუმცა, სახლში გამოწერიდან მალევე, ის კვლავ კლინიკაში აღმოჩნდა:

„სახლში დაბრუნების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. და იძულებულები გავხდით მამა ისევ საავადმყოფოში დაგვეწვინა. ფილტვების მდგომარეობა გართულდა. უკვე მეხუთე დღეა საავადმყოფოში წევს. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

რას ამბობენ კლინიცისტები?

დღეს, ბოჭორიშვილის კლინიკის ერთ-ერთი განყოფილება სწორედ პოსტ-კოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებს ეთმობა. მაკა სოლოღაშვილი, კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ დროისათვის, კლინიკაში ამ სინდრომით 10-12 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, პაციენტები კლინიკაში დაბრუნების პერიოდი სხვადასხვაა და ერთი კვირიდან ერთ თვემდე მერყეობს. პაციენტთა უმეტესობა ფილტვების პრობლემებით ბრუნდება, თუმცა, არის სხვა გართულებების შემთხვევებიც, მათ შორის, თირკმლის უკმარისობა:

„მოდიან სუნთქვის უკმარისობით, თირკმლის უკმარისობით, გულის უკმარისობით. ჩვენი კლინიკა, როგორც თერაპიული, ისე რეანიმაციული ნაწილი, ბოლო ერთი თვეა, ინტენსიურად იღებს კოვიდ-გადატანილ პაციენტებს და უკვე საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორ უნდა მოვემსახუროთ მათ და როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობა. გარდა ამისა, ამბულატორიულად გვყავს ბევრი პაციენტი, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას, თუმცა სჭირდებათ ლაბორატორიული კვლევები, რათა არ მოხდეს მათი მდგომარეობის დამძიმება. ამ დრომდე, ვახერხებთ, რომ ასეთი პაციენტების მდგომარეობა ლეტალური გამოსავლით არ დამთავრდეს, თუმცა, პაციენტების ნაწილს სჭირდება რეანიმაციული მკურნალობა. ასაკი შერეულია, ძირითადად შუა ასაკიდან ზევით“.

ის, რომ პოსტ-კოვიდური სინდრომი თავს იჩენდა, ამაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი. მართალია, ბევრი პაციენტი არა, მაგრამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ე.წ. „უკან დაბრუნებული“ პაციენტები ჰყავს. როგორც ლევან რატიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ისინი ძირითადად ის პაციენტები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით იყვნენ ავად და კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა:

„დაახლოებით 4-5 პაციენტი გვყავდა, რომლები თითქმის ორი თვის შემდეგ დაბრუნდნენ კლინიკაში. ძირითადად, გულის უკმარისობით. საბედნიეროდ, ამ ეტაპამდე, კრიტიკული გართულებით არცერთი პაციენტი არ გვყოლია. ამ ტიპის გართულებები ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რადგან პოსტ-სინდრომი შესაძლოა, სხვა ვირუსულ დაავადებებსაც ახლდეს და მით უმეტეს, ისეთ ვირუსს, როგორიცაა COVID19. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ქრონიკული დაავადებების მქონე საკმაოდ ბევრი პაციენტი, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პაციენტების მატების პარალელურად, მოიმატოს პოსტ-კოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებმაც“.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტი სტატისტიკა, რამდენი პოსტ-კოვიდური სინდრომის მქონე პაციენტი მკურნალობს საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევებს კონკრეტული კლინიკები აღრიცხავენ და ზუსტი მონაცემის დასადგენად, შესაბამისი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო:

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია. დიდი ბრიტანეთის მსგავსი, ასეთი მიზანდასახული კვლევა, რაც ინგლისში ჩატარდა, ჩვენთან არ ტარდება, მაგრამ ე.წ. განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის“.

პოსტ-კოვიდური სინდრომი განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა ბავშვებში. ამ სინდრომს მეცნიერებმა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფულზე უწოდეს მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი ბავშვებში (MIS-C).

ახალი პედიატრიული დაავადება ევროპასა და ამერიკაში პირველად სწორედ გასული წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. საქართველოში კი პირველი პაციენტები ნოემბერში დარეგისტრირდნენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ამ სინდრომით რამდენიმე ათეული ბავშვი მკურნალობს. მათ შორის, არიან მძიმე პაციენტებიც. იშვიათ შემთხვევაში, ბავშვებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირაში უვლინდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება.

XS
SM
MD
LG