Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი და იოსელიანი ამბობენ, რომ სინდისთან მართლები არიან და პარლამენტში თავაწეული შევიდნენ


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში თავაწეულები შევიდნენ.

„იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული, ვიზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ბოლოს ორი ადამიანი [მელაშვილი, ილიჩოვა]. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც არის სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივა და, პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას“, - უთხრა დღეს მედიას ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მან და ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთეს და საკუთარ სინდისთან მართლები არიან: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ შემოვსულიყავით და ადამიანები გამოსულიყვნენ საპატიმროებიდან. გარეთ არის დარჩენილი 54 დეპუტატი, რომელთაც აქვთ რესურსი, გააგრძელონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ დანარჩენს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ“.

იოსელიანის შეფასებით, მოლაპარაკების გაგრძელებაა ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი. მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმება სრულიად ოპოზიციის მონოპოვარია.

ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი დღეს პირველად დაესწრებიან პარლამენტის პლენარულ სხდომას.

„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მოგვიანებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, მათ შორის, გიგა ბოკერია დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის და ჩაშლის მცდელობაში და „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება, ციხეში მხოლოდ გიორგი რურუა რჩება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

ამჟამად პარლამენტისთვის წარდგენილია ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის განცხადება მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს გამოაცხადა, რომ ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავს შეიკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG